თბილისი, 29 იანვარი — Sputnik. საქართველოს პრემიერის ცვლილებიდან გამომდინარე საკადრო ცვლილებები მთავრობაში ექვსი უწყების ხელმძღვანელსაც შეეხება, იუწყება ტელეკომპანია „მთავარი არხი" საკუთარ წყაროზე დაყრდნობით.
მედიაში გავრცელებული ინფორმაციით, 24 იანვარს პარტია „ქართული ოცნების“ პოლიტსაბჭოს სხდომა გაიმართა, რომელზეც რიგი გადაწყვეტილებები მიიღეს: მმართველი პარტია „ქართული ოცნება-დემოკრატიული საქართველოს" თავმჯდომარე ირაკლი კობახიძე პრემიერ-მინისტრის პოსტზე იქნება წარდგენილი, ხოლო მოქმედი პრემიერ-მინისტრი ირაკლი ღარიბაშვილი პარტიის თავმჯდომარის პოსტს დაიკავებს.
რაც შეეხება სხვა ცვლილებებს, „მთავარის" ინფორმაციით, შეიცვლება საგარეო საქმეთა, იუსტიციის, ჯანდაცვის, თავდაცვის და კულტურის მინისტრები.
ერთ-ერთი ვერსიით, თავდაცვის მინისტრის პოსტზე განიხილება საქართველოს პარლამენტის ვიცე-სპიკერის ირაკლი ჩიქოვანის კანდიდატურა, რომელიც ჯუანშერ ბურჭულაძეს შეცვლის.
ამასთან, მედიაში გავრცელებული ინფორმაციით, პოლიტიკურ ასპარეზზე „ქართული ოცნების“ დამფუძნებლის, მილიარდერ ბიძინა ივანიშვილის უფროსი ვაჟი, უტა ივანიშვილი გამოჩნდება.
გამორიცხული არ არის, რომ პოსტს დატოვებს საქართველოს უსაფრთხოების სამსახურის უფროსი გრიგოლ ლილუაშვილიც.