თბილისი, 27 იანვარი — Sputnik. საქართველოს კომერციული ბანკების მიერ გაცემული კრედიტები 2023 წლის დეკემბერში წინა თვესთან შედარებით, 1,46 მლრდ ლარით, ანუ 2,86%-ით გაიზარდა და 1 იანვრისთვის 52,65 მილიარდი ლარი შეადგინა, ნათქვამია საქართველოს ეროვნული ბანკის მასალებში.
აღნიშნულ პერიოდში კრედიტების მოცულობა ეროვნულ ვალუტაში 933,5 მილიონი ლარით, ანუ 3,35%-ით გაიზარდა, ხოლო უცხოურ ვალუტაში გაცემული სესხების მოცულობა - 528,77 მილიონი ლარით, ანუ 2,27%-ით.
ეროვნული ბანკის მონაცემებით, 2023 წლის დეკემბრის ბოლოს რეზიდენტ იურიდიულ პირებზე გაცემულმა კრედიტების რაოდენობამ ეროვნულ ვალუტაში 8,79 მლრდ ლარი შეადგინა, რაც წინა თვესთან შედარებით 6,03%-ით მეტია, ხოლო უცხოურ ვალუტაში გაცემულმა კრედიტებმა 14,87 მლრდ ლარი შეადგინა, რაც წინა თვის მაჩვენებელზე 2,48%-ით მეტია.
2023 წლის დეკემბერში რეზიდენტი საოჯახო მეურნეობების სექტორის დაკრედიტების მოცულობა გაიზარდა 2,22%-ით, ანუ 590,97 მლნ ლარით და, მიმდინარე წლის 1 იანვრის მდგომარეობით, 27,19 მლრდ ლარი შეადგინა.
მიმდინარე წლის 1 იანვრის მდგომარეობით, სესხების მთლიანი მოცულობის ლარიზაციის კოეფიციენტმა 54,76% შეადგინა, რაც 0,26 პროცენტული პუნქტით მეტია 2023 წლის 1 დეკემბრის მაჩვენებელზე.
დეკემბრის ბოლოს საქართველოში ფუნქციონირებდა 17 კომერციული ბანკი, მათ შორის 15 – საწესდებო კაპიტალში უცხოური კაპიტალის მონაწილეობით.