თბილისი, 26 იანვარი – Sputnik. მიმდინარე წლის იანვარში საქართველოში გრიპის ვირუსით სამი ადამიანი გარდაიცვალა, განაცხადა ქვეყნის მთავარმა ინფექციონოლოგმა თენგიზ ცერცვაძემ.
ამ დროისთვის საქართველოში გრიპის ვირუსი მძვინვარებს, რომელზეც ვირუსული დაავადებების შემთხვევების დაახლოებით 43% მოდის.
„გვქონდა გრიპით გარდაცვალების სამი დადასტურებული შემთხვევა. მაგალითისთვის მოგახსენებთ, რომ აშშ-ში წინა კვირაში გრიპით გარდაცვალების 569 შემთხვევა დაფიქსირდა, ბოლო კვირაში კი - 271. იგივე ამერიკაში „კოვიდით“ გარდაცვალების 410 ფაქტი დაფიქსირდა. საქართველოში „კოვიდით“ გარდაცვალება არ ყოფილა“, - აღნიშნა ცერცვაძემ ტელეკომპანია „პალიტრანიუსის" ეთერში.
როგორც ქვეყნის მთავარმა ინფექციონისტმა აღნიშნა, რომ ქვეყანაში შემოტანილია გრიპის საწინააღმდეგო ვაქცინის 200 ათასი დოზა და ადამიანებს შეუძლიათ აიცრან. მარაგი ჯერ კიდევ არის, დასძინა მან.
მისი თქმით, რესპირატორული დაავადებების მქონე პაციენტების უმეტესობა დაავადების გამოვლენისთანავე იწყებს ანტიბიოტიკების მიღებას, რაც კატეგორიულად მიუღებელია. ანტიბიოტიკების მიღება მაშინაა საჭირო, როდესაც ვირუსი რთულდება ბაქტერიული ინფექციით.
ექსპერტების შეფასებით, საქართველოში გრიპის ვირუსის პიკი იანვრის ბოლომდე გაგრძელდება.
დაავადების დროს ძირითადი რეკომენდაციებია სხეულის ტემპერატურის კონტროლი, დიდი რაოდენობით სითხის მიღება და გართულებების შემთხვევაში ექიმისთვის მიმართვაა.
მოქალაქეებმა აუცილებლად უნდა მიმართონ ექიმს, თუ მაღალი სიცხე სამი დღე გრძელდება. თუ არის ჩირქოვანი ხველა ან ნახველში ჩნდება სისხლი, არის ფილტვების ანთების ნიშნები, უარესდება სუნთქვა ან არის ტუჩების გალურჯება, მაშინ ასეთმა პაციენტმა აუცილებლად უნდა მიმართოს ექიმს.