თბილისი, 25 იანვარი – Sputnik. მმართველი პარტია „ქართული ოცნება - დემოკრატიული საქართველო“ მზად არის ოპოზიციასთან დიალოგი დაიწყოს ევროკავშირის ახალი პირობების შესრულების საკითხზე, განაცხადა პარლამენტის იურიდიული კომიტეტის თავმჯდომარე ანრი ოხანაშვილმა.
2023 წლის დეკემბერში საქართველომ მიიღო ევროკავშირის კანდიდატის სტატუსი და ცხრა ახალი პირობა, რომელიც ქვეყანამ უნდა შეასრულოს. მათ შორისაა პოლარიზაციის დაძლევა, დეოლიგარქიზაცია, თავისუფალი და კონკურენტული არჩევნების უზრუნველყოფა და სხვა.
„ჩვენ დაანონსებული გვქონდა, რომ იქნებოდა სამუშაო ფორმატი უზრუნველყოფილი, სადაც შესაძლებლობა იქნებოდა საპარლამენტო უმრავლესობისა და საპარლამენტო ოპოზიციის წარმომადგენლების მონაწილეობის და დისკუსიის. ჩვენ მოვიწვევთ მათ [ოპოზიციას], მათი გადასაწყვეტია მიიღებენ თუ არა მონაწილეობას. იქნება თითოეულ საკითხთან დაკავშირებით მსჯელობა“, - განაცხადა ოხანაშვილმა.
მისი თქმით, პირველი შეხვედრა, სადაც ახალი პირობების შესრულების განხილვაზე იმსჯელებენ, 29 იანვარს გაიმართება.
ოპოზიციის ნაწილმა, მათ შორის „ერთიანი ნაციონალური მოძრაობის“ წარმომადგენლებმა, გამოხატეს სურვილი, მონაწილეობა მიეღოთ ევროკავშირის ახალი პირობების განხორციელების განხილვაში.
„ქართული ოცნების“ ხელმძღვანელობამ კიდევ ერთხელ გამოხატა მზადყოფნა ოპოზიციასთან მუშაობისთვის. თუმცა პარტიის ზოგიერთი წევრი ოპოზიციასთან დიალოგს უაზროდ მიიჩნევს.
ოპოზიციონერები აცხადებდნენ, რომ „ქართულმა ოცნებამ“ ზურგი აქცია დასავლეთს და ის მხოლოდ თავს იკატუნებს, თითქოს ევროკავშირის პირობებს ასრულებს. მიუხედავად ამისა, ქვეყანამ შესრულებული სამუშაოს დადებითი შეფასება და კანდიდატის სტატუსი მიიღო.