სააკაშვილის ციხეში გადაყვანა ნაადრევია - ომბუდსმენთან არსებული კონსილიუმის ექიმები

ექიმები ნელ-ნელა უმკლავდებიან ანორექსიას და კახექსიას, მაგრამ პაციენტის ფსიქონევროლოგიური მდგომარეობა არ იცვლება, ამბობს კონსილიუმის წევრი
Sputnik
თბილისი, 25 იანვარი – Sputnik. საქართველოს მსჯავრდებული ექს-პრეზიდენტ მიხეილ სააკაშვილის კლინიკა „ვივამედიდან“ ციხეში გადაყვანაზე საუბარი ჯერ ნაადრევია, - ამის შესახებ სახალხო დამცველის აპარატთან არსებული კონსილიუმის ერთ-ერთმა ექიმმა განაცხადა.
სახალხო დამცველის აპარატთან არსებული კონსილიუმი 2021 წლის ნოემბრის ბოლოს შეიქმნა და მასში შედიან მედიცინის სხვადასხვა დარგის დამოუკიდებელი სპეციალისტები. კონსილიუმის ექიმები პერიოდულად სინჯავენ სააკაშვილს და საზოგადოებას აწვდიან თავისი დამოუკიდებელ დასკვნას ექს-პრეზიდენტის მდგომარეობის შესახებ.
„მიმაჩნია, რომ მის გადაყვანაზე საუბარი ნაადრევია, რადგან გადაყვანის შემთხვევაში, რამდენიმე კვირაში, რამდენიმე დღეში თუ არა, შესაძლოა, უკან დასაბრუნებელი გახდეს. პაციენტის სტაბილური და გაუმჯობესებული მდგომარეობა სამედიცინო პერსონალის დამსახურებაა“, – განაცხადა ნევროლოგმა თენგიზ წულაძემ.
მისი თქმით, სააკაშვილმა წონაში მოიმატა, მაგრამ რჩება ნეიროპათიის სიმპტომები და დეპრესიის ნიშნები.
კოლეგის პროგნოზს ეთანხმება ანესთეზიოლოგ-რეანიმატოლოგი გიორგი გრიგოლია, მისი თქმით, ექს-პრეზიდენტი იწონის 77,4 კილოგრამს, მაგრამ მისი ფსიქონევროლოგიური მდგომარეობა არ იცვლება.
„ანორექსიისა და კახექსიის მოვლენებს, მედიცინის თვალსაზრისით, ნელ-ნელა ძლევენ აქაური ექიმები. სამწუხაროდ, ფსიქონევროლოგია თითქმის იმავე დონეზე რჩება, აქვს შფოთვები, ნერვიულობს“, - განაცხადა გიორგი გრიგოლიამ.
ორივე ექიმის რეკომენდაციით, პაციენტის მდგომარეობის გაუმჯობესებისათვის უნდა მოხდეს „წამებისა და არაადამიანური ან ღირსების შემლახველი მოპყრობისა თუ დასჯის პრევენციის ევროპული კომიტეტის“ (CPT) დელეგაციის დასკვნის გათვალისწინება.
ციხეები და სააკაშვილი: რაში არწმუნებდნენ ხელისუფლება და ოპოზიცია PACE–ს წევრებს >>
კომიტეტის დელეგაცია საქართველოში იუსტიციის მინისტრ რატი ბრეგაძის მიწვევით 2023 წლის აგვისტოში იმყოფებოდა და კლინიკაში პაციენტების (მათ შორის ექს-პრეზიდენტ სააკაშვილის) მკურნალობისა და მოთავსების პირობები დაათვალიერა. იანვარში კომიტეტმა გამოაქვეყნა ანგარიში კლინიკა „ვივამედში“ პატიმრების განთავსების პირობების შესახებ, სადაც ნათქვამია რომ სერიოზული დარღვევები არ გამოვლენილა. თუმცა ანგარიშში აღნიშნულია, რომ სააკაშვილი იმყოფება პალატაში მართო, რაც პრაქტიკულად სამარტოო საკანში ყოფნას უტოლდება.
ამაზე საპასუხოდ იუსტიციის სამინისტრომ გამოთქვა მზადყოფნა, ორმხრივი თანხმობის შემთხვევაში ექს-პრეზიდენტს სხვა პაციენტი შეუსახლოს.
ვნებათაღელვა სააკაშვილის ირგვლივ
სააკაშვილი საქართველოში უკრაინიდან არალეგალურად 2021 წლის 29 სექტემბერს დაბრუნდა. ის 1–ელ ოქტომბერს თბილისში დააკავეს. მას უკვე მისჯილი აქვს 6 წლით თავისუფლების აღკვეთა დეპუტატ ვალერი გელაშვილის ცემისა და სანდრო გირგვლიანის მკვლელობაში მსჯავრდებულების შეწყალების საქმეებზე.
ამავდროულად თბილისის საქალაქო სასამართლო მის წინააღმდეგ განიხილავს სამ საქმეს – სახელმწიფო სახსრების გაფლანგვის, 2007 წლის 7 ნოემბრის აქციის დარბევისა და საზღვრის უკანონოდ გადმოკვეთის საქმეებს.
ადვოკატები ჯანმრთელობის გაუარესების მიზეზით მის გათავისუფლებას სასამართლოს გზით ცდილობდნენ. მათ ამერიკელი ექსპერტებიც მოიწვიეს, რომლებმაც სასამართლოში განაცხადეს, რომ სააკაშვილი მძიმე ლითონებით იყო მოწამლული და კვდებოდა, მაგრამ ქართულმა სასამართლოებმა იუსტიციის სამინისტროს სპეციალური პენიტენციური სამსახურის არგუმენტები უფრო დამაჯერებლად მიიჩნიეს და ექს-პრეზიდენტის გათავისუფლებაზე უარი განაცხადეს.
რა დარღვევები გამოავლინა წამების პრევენციის კომიტეტმა სააკაშვილის კლინიკაში ყოფნის დროს>>
კლინიკა „ვივამედის" დირექტორმა ნინო ნადირაძემ სასამართლოზე დაადასტურა, რომ სააკაშვილს კახექსია აქვს, მაგრამ, მისი თქმით, კახექსიის მიზეზია არა მალაბსორბცია (ნაწლავებში შეწოვის დარღვევა), როგორც ამას დაცვის მხარის ექსპერტები ამტკიცებენ, არამედ ნორმალურ კვებაზე უარის თქმა.
მოგვიანებით ცნობილი გახდა, რომ მსჯავრდებული ექს-პრეზიდენტის ოჯახმა ამერიკულ იურიდიულ კომპანია Akerman LLP-ს სააკაშვილის ინტერესების ლობირებისთვის 917,1 ათას დოლარზე მეტი გადაუხადა. აქედან 300 ათასი დოლარი კომპანიამ გადაუხადა უცხოელ ექსპერტებს, რომლებმაც სასამართლოს ჩვენება მისცეს სააკაშვილის გათავისუფლების სასარგებლოდ.
სააკაშვილის ადვოკატებმა საქართველოში ორი ინსტანციის სასამართლოში მის გათავისუფლებას ვერ მიაღწიეს და სტრასბურგის სასამართლოს მიმართეს.
ომბუდსმენი გააგრძელებს თანამშრომლობას სააკაშვილის ჯანმრთელობის შემფასებელ ექსპერტებთან>>
მაისის ბოლოს სტრასბურგის სასამართლომ "სააკაშვილი საქართველოს წინააღმდეგ" საქმეზე უარი უთხრა სააკაშვილს ვარშავაში სამკურნალოდ გადაყვანაზე. ამავდროულად სახელმწიფოს არ დაევალა ქვეყნის შიგნით სხვა სამედიცინო დაწესებულებაში მისი გადაყვანა.
სააკაშვილმა ივნისის შუა რიცხვებში განაცხადა, რომ პოლიტიკაში დაბრუნების გადაწყვეტილება მიიღო. ამით მან ერთი წლის წინ გაკეთებული განცხადება უარყო. სააკაშვილის წარმომადგენელმა, „ერთიანი ნაციონალური მოძრაობის" წევრმა სოფო ჯაფარიძემ განაცხადა, რომ ექს–პრეზიდენტი 22 აგვისტოდან მისი დახმარებით საქართველოს რეგიონებში წინასაარჩევნო კამპანიას იწყებს და მზადაა, მოსახლეობის პრობლემები მოისმინოს.