თბილისი, 25 იანვარი - Sputnik. თბილისში, ზუგდიდში, ქუთაისსა და რუსთავში ახალაშენებულ კორპუსებში ბინის მიღების მსურველი დევნილი ოჯახების განაცხადების მიღება 2024 წლის 1 მარტამდე გაგრძელდება, ნათქვამია დევნილთა, ეკომიგრანტთა და საარსებო წყაროებით უზრუნველყოფის სააგენტოს განცხადებაში.
განაცხადების მიღება ქვეყნის მასშტაბით არსებულ იუსტიციის სახლებში გასული წლის14 ნოემბერს დაიწყო და 2024 წლის 1 თებერვალს უნდა დასრულებულიყო.
გავრცელებული ინფორმაციით, სააგენტომ იძულებით გადაადგილებული ოჯახების ინტერესები გაითვალისწინა და მაღალი მოთხოვნის გამო განაცხადების შევსების ვადა ერთი თვით გაახანგრძლივა.
პირობების მიხედვით, თბილისში ბინის მიღების მოთხოვნით განაცხადის გაკეთება მხოლოდ იმ დევნილ ოჯახებს შეუძლიათ, რომლებიც დედაქალაქში 2013 წლის 1 ივნისამდე არიან რეგისტრირებული. ზუგდიდში, ქუთაისსა და რუსთავში ბინის მიღების მოთხოვნით განაცხადის შევსება საქართველოს ნებისმიერ რეგიონში რეგისტრირებულ დევნილ ოჯახებს შეუძლიათ.
დევნილ ოჯახებს თანამედროვე სტანდარტების შესაბამისი ბინები 2025 წლის ბოლომდე გადაეცემათ.
დევნილი ოჯახებისთვის ღირსეული საცხოვრებელი პირობების შექმნის მიზნით მთავრობამ განსახლების მასშტაბური პროგრამა 2022 წელს დაიწყო.
პროექტის ფარგლებში ჯანდაცვის სამინისტრო 2025 წლის ბოლომდე საცხოვრებელი ფართით ჯამში 13 ათას ოჯახს დააკმაყოფილებს – 7 ათასზე მეტ ოჯახს ახალაშენებულ კორპუსებში გარემონტებული ბინები გადაეცემა, ხოლო 6 ათასი ოჯახი „სოფლად სახლის“ პროგრამის ფარგლებში განსახლდება. პროექტის ბიუჯეტი 900 მლნ ლარზე მეტს შეადგენს.
იძულებით გადაადგილებული პირების საცხოვრებელთან დაკავშირებული პრობლემა საქართველოში 1990-იანი წლების შემდეგ დგას. ქვეყანაში დევნილთა საცხოვრებელი ფართით უზრუნველყოფის ოთხი ვარიანტი მოქმედებს — სახელმწიფო დევნილებისთვის ბინებს ყიდულობს; მათთვის მრავალბინიან საცხოვრებელ სახლებს აშენებს; თუ დევნილის მიერ დაკავებული საცხოვრებელი ფართი ადგილობრივ ან სახელმწიფო ბალანსზეა, მაშინ სახელმწიფო მათ აღნიშნულ ფართს უკანონებს; თუ დევნილები ცხოვრობენ შენობაში, რომელიც კერძო საკუთრებას წარმოადგენს, მაშინ სახელმწიფო მესაკუთრისგან ფართის გამოსყიდვას აწარმოებს და დევნილებს გადასცემს.
ამჟამად საქართველოში დაახლოებით 290 ათასი დევნილია რეგისტრირებული, ეს 92 ათასი ოჯახია. სახელმწიფო დევნილ ოჯახებს ბინებს ეტაპობრივად გადასცემს, მაგრამ ისინი თავის რიგს წლების განმავლობაში ელოდებიან.