თბილისი, 25 იანვარი – Sputnik. გასული 2023 წელი აჭარისთვის გამორჩეული წელი იყო, ვიზიტების რაოდენობამ რეგიონში პირველად გადააჭარბა 4,3 მილიონს, განაცხადა აჭარის მთავრობის თავმჯდომარე თორნიკე რიჟვაძემ.
აჭარის მეთურმა ტურიზმის მზარდი სტატისტიკა და 2024 წელს დაგეგმილი საერთაშორისო პროექტები სამუშაო შეხვედრაზე განიხილა. შეხვედრაზე ყურადღება გამახვილდა სარეკლამო და მარკეტინგულ კამპანიებზე, რომლებსაც აჭარის ტურიზმისა და კურორტების დეპარტამენტი 2024 წელს მიზნობრივ ქვეყნებში განახორციელებს.
რეგიონში ვიზიტების რაოდენობა, 2022 წელთან შედარებით, 25,3%–ით გაიზარდა, აღნიშნა რიჟვაძემ. ასევე მზარდია სტატისტიკა მთიანი აჭარის ტურისტულ მარშრუტებზეც, მთიან აჭარაში ვიზიტების რაოდენობა გაიზარდა 20% -ით. აჭარაში აქტიურად გრძელდება მდგრადი ტურისტული ინფრასტრუქტურის შექმნა და განვითარება.
შეხვედრის ფარგლებში იმსჯელეს ყველა იმ მნიშვნელოვან პლატფორმაზე, რომლის მეშვეობითაც მოხდება ვიზიტორების მოზიდვა საქართველოში, ასევე იმ პროექტებზე, რომლებიც ხელს შეუწყობს ტურიზმის განვითარებას რეგიონში. აჭარის მთავრობის მთავარი სტრატეგიაა აჭარა გახდეს მიმზიდველი ტურისტული მიმართულება ოთხივე სეზონზე.
ტურიზმის წარმატებები
პანდემიის გამო ვარდნის შემდეგ ტურიზმის აღდგენა საქართველოში 2021 წლის ზაფხულიდან დაიწყო.
2022 წელი ქართული ტურიზმისთვის ძალზე წარმატებული იყო. მთლიანობაში ამ წელს საქართველოს 5,4 მილიონი საერთაშორისო მოგზაური ეწვია, რაც 188,5%-ით მეტია, ვიდრე 2021 წლის იანვარ-დეკემბერში. 2023 წლის დასაწყისში ტურიზმის აღდგენის მაჩვენებელმა, 2019 წელთან შედარებით, 58% შეადგინა. ხელისუფლება ვარაუდობდა, რომ 2023 წელს ეს რეკორდი მოიხსნებოდა.
ტურიზმის საქართველოს შემოსავლების ერთ–ერთი მთავარი წყაროა. საქართველომ საერთაშორისო მოგზაურებიდან 2023 წლის პირველ სამ კვარტალში 3,3 მილიარდი დოლარი შემოსავალი მიიღო. სავარაუდოდ, მთელი 2023 წლის მაჩვენებელი 4 მლრდ დოლარს გადააჭარბებს.
საქართველოს ხელისუფლება ქვეყანაში ტურიზმის განვითარებისთვის 2024 წელს სახელმწიფო ბიუჯეტიდან 236 მლნ ლარის გამოყოფას გეგმავს.