ADB-ს ყოველწლიური შეხვედრა საქართველოში გაიმართება - რას მოუტანს ეს ქვეყანას

საქართველოში ღონისძიების ჩატარება ახალ ბიძგს მისცემს ბანკის წევრ ქვეყნებს შორის თანამშრომლობას, მიაჩნია აზიის განვითარების ბანკის სამდივნოს ხელმძღვანელს
Sputnik
თბილისი, 24 იანვარი — Sputnik. 2024 წელს აზიის განვითარების ბანკის (ADB) ყოველწლიური შეხვედრის საქართველოში გამართვას დიდი მნიშვნელობა აქვს ქვეყნის როგორც საინვესტიციო, ეკონომიკური შესაძლებლობების, ისე ტურისტული პოტენციალის ზრდის კუთხით, განაცხადა საქართველოს ფინანსთა მინისტრმა ლაშა ხუციშვილმა.
2024 წლის 2-5 მაისს საქართველო პირველად უმასპინძლებს აზიის განვითარების ბანკის 57-ე ყოველწლიურ შეხვედრას, რომელშიც მონაწილეობას მიიღებს 4000-მდე მონაწილე და სტუმარი, მათ შორის აზიის განვითარების ბანკის პრეზიდენტი, ვიცე-პრეზიდენტები, ბანკის აღმასრულებელი დირექტორები, 68 წევრი ქვეყნის დელეგაცია, საერთაშორისო ფინანსური ინსტიტუტების წარმომადგენლები, კერძო სექტორი, საერთაშორისო და სამოქალაქო საზოგადოება, საერთაშორისო და ადგილობრივი მედია.
ფინანსთა მინისტრი აზიის განვითარების ბანკის (ADB) სამდივნოს ხელმძღვანელს, ასელ ჯუსუპბეკოვას შეხვდა. შეხვედრაზე აზიის განვითარების ბანკის ყოველწლიური შეხვედრის საორგანიზაციო საკითხები განიხილეს.
100 მლრდ დოლარი კლიმატის ცვლილებებთან ბრძოლისთვის - ADB-ს პრეზიდენტმა გეგმებზე ისაუბრა >>
აზიის განვითარების ბანკის სამდივნოს ხელმძღვანელმა იმედი გამოთქვა, რომ საქართველოში ბანკის წლიური შეხვედრის ჩატარება, ახალ ბიძგს მისცემს ბანკის წევრ ქვეყნებს შორის თანამშრომლობას.
აზიის განვითარების ბანკი საქართველოს 2007 წლიდან ეხმარება და ქვეყნისთვის ერთ-ერთი ყველაზე მრავალმხრივი პარტნიორია. ბანკის მიერ საქართველოსთვის გაცემული სესხების მოცულობა 4,7 მლრდ დოლარს შეადგენს.
საქართველოში ADB-ს განვითარების პრიორიტეტებია მრავალმხრივი და სტაბილური ეკონომიკური ზრდა, სიღარიბის შემცირება, რეგიონული კავშირებისა და საჯარო სერვისების მიწოდების გაუმჯობესება.