თბილისი, 21 იანვარი – Sputnik. მსოფლიოში ერთ-ერთი ყველაზე გავლენიანი გასტრონომიული კონგრესის, Madrid Fusion-ის წარმომადგენლებმა საქართველოს სოციალურ ქსელში პოსტი მიუძღვნეს და აღნიშნეს, რომ ამ ქვეყანაში მთავარი კერძი სტუმარმასპინძლობაა.
საქართველო ესპანეთში, ცნობილ გასტრონომიულ კონგრესზე Madrid Fusion 2024-ზე სტუმრის სტატუსით იქნება წარმოდგენილი. ღონისძიება 29-31 იანვარს მადრიდში გაიმართება. Madrid Fusion-ს მსოფლიოში ყველაზე გავლენიან გასტრონომიულ კონგრესს უწოდებენ.
„საქართველო Madrid Fusion-ის სტუმარი ქვეყანაა. ეს არის ტრადიციისა და შემოქმედების შერწყმა, საქართველო არის ქვეყანა, სადაც სტუმარმასპინძლობა მთავარი კერძია“,- ნათქვამია გამოქვეყნებულ პოსტში.
ღონისძიების სტუმრებს ექნება საშუალება, გაეცნონ ქართულ სამზარეულოს და ტურისტულ პროდუქტებს. საქართველოს სტენდთან მოეწყობა ე.წ. Show Kitchen - ღია სამზარეულო, სადაც მზარეულები კერძებს სტუმრების თვალწინ მოამზადებენ.
ქართულ სამზარეულოს Madrid Fusiоn-ზე შეფ-მზარეული დავით ნარიმანაშვილი წარადგენს.
გარდა ამისა, სტუმრის სტატუსის ფარგლებში საქართველოს ტურიზმის ეროვნულ ადმინისტრაციას დამატებით თემატური სცენები დაეთმობა, რომლის ფარგლებშიც მთავარ სცენაზე ქართული კერძების მასტერკლასები და სამი სახის ღვინის დეგუსტაცია გაიმართება.
სუფრა
© photo: Sputnik / Alexander Imedashvili
Madrid Fusion – ეს არის ცნობილი გასტრონომიული ფესტივალი, რომელიც მადრიდში ყოველწლიურად 2003 წლიდან იმართება. მასში მონაწილეობას იღებენ მსოფლიოს საუკეთესო შეფ-მზარეულები და კულინარიის ექსპერტები, რომლებიც განიხილავენ ტენდენციებს, ხალხის ახალ გემოვნურ მისწრაფებებს და ინდუსტრიის ევოლუციას.