ჩინეთმა საქართველოს თავისუფალი სავაჭრო ზონების შექმნის გამოცდილება გაუზიარა

„ქართული ოცნების" დეპუტატთა ვიზიტი ჩინეთში 15 იანვარს დაიწყო და 20 იანვარს დასრულდება.
Sputnik
თბილისი, 19 იანვარი — Sputnik. თავისუფალი სავაჭრო ზონების შექმნასა და მათ განვითარებაში სახელმწიფოს პოზიტიური როლის საკითხი იქნა განხილული ჩინეთში შანხაის საბჭოს თავმჯდომარის მოადგილე ჩენ ჯინთან შეხვედრაზე, განაცხადა პარლამენტის აგრარულ საკითხთა კომიტეტის თავმჯდომარე ნინო წილოსანმა..
მმართველი პარტიის დელეგაცია პარტიის თავმჯდომარე ირაკლი კობახიძის ხელმძღვანელობით იმყოფება ჩინეთში, სადაც უმაღლესი დონის შეხვედრებს მართავს. „ქართული ოცნების" დეპუტატთა ვიზიტი ჩინეთში 15 იანვარს დაიწყო და 20 იანვარს დასრულდება.
„გამოცდილება, რომელიც აქ შეხვედრის დროს მივიღეთ, რა თქმა უნდა, ძალიან საინტერესოა ჩვენი ქვეყნის შემთხვევაშიც. შეხვედრაზე ვისაუბრეთ იმ პოზიტიურ როლზე, რომელიც სახელმწიფოს შეუძლია ჰქონდეს თავისუფალი სავაჭრო ზონების შექმნისას", - განაცხადა წილოსანმა.
მისი თქმით, შანხაი, თავად ჩინეთის მასშტაბითაც ერთ-ერთი გამორჩეული და მაღალგანვითარებული გეოგრაფიული არეალია, განსაკუთრებით ისეთი მნიშვნელოვანი პროექტებით, როგორიცაა ლინ-განგის სპეციალური ზონა, რომელიც გულისხმობს თავისუფალი სავაჭრო ტერიტორიის და კონცეფციის მოწყობას.
„ეს არის სპეციალური საგადასახადო სისტემის შეთავაზება დასაქმებულებისთვის, განსაკუთრებით, ახალგაზრდა ტვინების მოზიდვის კუთხით სპეციალური ბენეფიტების დაწესება, ინფრასტრუქტურის მოწყობა და დაინტერესების შექმნა სხვადასხვა ინდუსტრიებისთვის, იმისთვის, რომ კონკრეტულად ასეთი ზონები სათანადოდ განვითარდეს და წამყვანი ფუნქცია ჰქონდეს ქვეყნის ეკონომიკის განვითარებაში“ , - განაცხადა წილოსანმა.
საქართველოს შეთანხმება თავისუფალი ვაჭრობის შესახებ აქვს ევროკავშირთან, ჩინეთთან, ჰონგ–კონგთან, თურქეთთან, არაბთა გაერთიანებულ საამიროებთან, დიდ ბრიტანეთთან, დსთ–ის ქვეყნებთან, ასევე თავისუფალი ვაჭრობის ევროპულ ასოციაციასთან, სადაც ოთხი ქვეყანა შედის. გარდა ამისა, ქვეყანა ვაჭრობის შესახებ მოლაპარაკებებს აწარმოებს სამხრეთ კორეასთან, აშშ–თან და აპირებს მოლაპარაკებების დაწყებას ისრაელთან.
საქართველო-ჩინეთის ურთიერთობები
საქართველომ და ჩინეთმა 2023 წლის ივლისის ბოლოს ორმხრივი ურთიერთობების ახალ დონეზე – სტრატეგიულ პარტნიორობაზე გადასვლის შესახებ განაცხადეს. გარდა ამისა, საქართველომ 2023 წლის 12 სექტემბერს ჩინეთის მოქალაქეებისთვის სავიზო რეჟიმი ცალმხრივად გააუქმა. ჩინეთის მოქალაქეებს შეუძლიათ საქართველოში შემოსვლა ტურიზმის მიზნით და დარჩენა 30 დღის განმავლობაში.
ჩინეთმა და საქართველომ სტრატეგიული პარტნიორობის გაღრმავების შესახებ ერთობლივი განცხადება ჩინეთში პრემიერ-მინისტრ ირაკლი ღარიბაშვილის ვიზიტის დროს გამოაქვეყნეს. დოკუმენტი მოიცავს ოთხ ასპექტს მოიცავს - პოლიტიკურს, ეკონომიკურს, ეროვნებათაშორის და კულტურულ, ასევე საერთაშორისო ურთიერთობებს.
ჩენ ძინგი: ჩინეთს და საქართველოს თანამშრომლობის დიდი პოტენციალი გააჩნია>>>
საქართველოს ხელისუფლებამ ამ გადაწყვეტილებას ორივე ქვეყნის საკეთილდღეოდ ისტორიული გადაწყვეტილება უწოდა და აღნიშნა, რომ ჩინური ინვესტიციების შთამბეჭდავ ზრდას ელიან.
ოპოზიციამ კი, თავის მხრივ, ჩინეთთან სტრატეგიული პარტნიორობის დამყარება განიხილა, როგორც რისკი საქართველოს დასავლეთთან ურთიერთობისთვის. მათ მოუწოდეს ხელისუფლებას სიფრთხილით დაამყარონ ურთიერთობები ჩინეთთან - განავითარონ ეკონომიკური კავშირები, მაგრამ არავითარ შემთხვევაში არ დაუახლოვდნენ პოლიტიკურად.
ქვეყნის ხელისუფლება აცხადებს, რომ საქართველოს პროდასავლური საგარეოპოლიტიკური კურსი უცვლელია და ამასთან, ქვეყანას აქვს ის, რისი შეთავაზებაც შეუძლია დასავლეთისთვის. მაგალითად, ქვეყანა შუა დერეფნის ნაწილია, რომელიც განსაკუთრებულად აქტუალური გახდა უკრაინაში კონფლიქტისა და აზიიდან ევროპაში გადაზიდვების უწყვეტი ჯაჭვის ახალი გზების ძიების ფონზე.
ჩინეთი საქართველოს ხუთი ძირითადი სავაჭრო პარტნიორიდან ერთ-ერთია. ქვეყნებს შორის საგარეო სავაჭრო ბრუნვამ 2023 წლის იანვარ-ნოემბერში 1,5 მილიარდი დოლარი შეადგინა, რაც 9,5%-ით ნაკლებია 2022 წლის საანგარიშო პერიოდზე. 2023 წლის 11 თვეში საქართველოდან ჩინეთში ექსპორტი 57,1%-ით შემცირდა და 283,4 მლნ აშშ დოლარი შეადგინა. ჩინეთიდან საქართველოში იმპორტი 21,4%-ით გაიზარდა და 1,2 მილიარდ დოლარზე მეტი შეადგინა.