თბილისი, 17 იანვარი – Sputnik. ოპოზიციური პარტია „ერთიანი ნაციონალური მოძრაობა“ იმ შემთხვევაში მიესალმება ოპოზიციური კოალიციის შექმნას, თუ ის „შუაშისტი“ ამომრჩევლების მობილიზაციას შეძლებს, განაცხადა პარტიის ერთ-ერთმა ლიდერმა დავით ბეჟაშვილმა.
დღეს ოპოზიციური პროდასავლური პარტიების უმრავლესობა კატეგორიულ უარს ამბობს 26 ოქტომბრის საპარლამენტო არჩევნების წინ „ნაციონალური მოძრაობის“ მიერ პარტია „სტრატეგია აღმაშენებელთან “ ერთად შექმნილ კოალიციაში გაწევრიანებაზე.
„თუ ახალი პოლიტიკური გაერთიანება შეიქმნება და მათი მთავარი ამოცანა იქნება ე.წ. შუაშისტი ამომრჩევლის მობილიზება და დაორგანიზება, ეს მისასალმებელია. სამწუხაროდ, სხვადასხვა პარტია დღეს მთავარ ამოცანად ისახავს „ნაციონალური მოძრაობის“ კრიტიკას და ამის საფუძველზე ელექტორალური ხმების აკრეფას, მაგრამ მთავარი ამოცანა უნდა იყოს საერთო ოპოზიციური სტრატეგიის ფარგლებში მოქმედება, საერთო გამარჯვების მიღწევა ქართველი ხალხის სასარგებლოდ“, - განაცხადა ბეჟაშვილმა.
ამავე დროს ოპოზიციონერმა განაცხადა, რომ პარტიებთან „ლელო“ და „საქართველოსთვის“ (ექს-პრემიერ გიორგი გახარიას პარტია) არანაირი თანამშრომლობა არ იგეგმება.
„გახარიას, „ლელოსა“ და სხვა ოპოზიციურ პარტიებს 5-პროცენტიანი საარჩევნო ბარიერის გადალახვის პრობლემა აქვთ და ჩვენთვის მათთან ალიანსი გამორიცხულია, რადგან სხვადასხვა მიზანს ემსახურება კამპანია“, - განაცხადა ბეჟაშვილმა.
ამასთან მან გამორიცხა, რომ „ნაცმოძრაობის“ ყოფილმა წევრებმა არჩევნების წინ ახალი პარტიის შექმნით მისი პარტიისთვის ხმების წართმევა შეძლონ.
„ნაციონალური მოძრაობიდან“ გასული კოლეგების სამომავლო გაერთიანებასთან დაკავშირებით წინასწარ ვერაფერს ვიტყვი. გააჩნია, რა პოლიტიკურ ამოცანას ისახავენ მიზნად. თუ ცდილობენ და ეცდებიან „ნაციონალური მოძრაობის“ ელექტორატის გახლეჩას, ბუნებრივია, ეს იქნება წარუმატებელი, რადგან მსგავსი გამოცდილება 2016 წელს „ევროპულ საქართველოსთან“ დაკავშირებით გვაქვს და ვნახეთ, რომ ელექტორატის გახლეჩა არ მოხდა“, – აღნიშნა ლევან ბეჟაშვილმა.
საპარლამენტო არჩევნები საქართველოში 2024 წელს გაიმართება. დეპუტატებს პირველად ახალი სისტემით აირჩევენ: არჩევნები იქნება მთლიანად პროპორციული და საარჩევნო უბნებზე ელექტრონული კენჭისყრით ჩატარდება. პარტიებისთვის გამსვლელი ბარიერი იქნება 5%.
2023 წლის წინასწარი გამოკითხვებით, ბარიერის გადალახვას ორიდან ხუთამდე პარტია შეძლებს. ლიდერობას ინარჩუნებს „ქართული ოცნება", „ნაცმოძრაობა" იკავებს მეორე პოზიციას და ყოველ გამოკითხვის დროს სხვაობა ამ პარტიებს შორის იზრდება „ოცნების" სასარგებლოდ.
იმავდროულად, ოპოზიციურ სპექტრში ამჟამად მიმდინარეობს ძალების გადანაწილება და პოლიტიკოსები ახალი პოლიტიკური ძალებისა და კოალიციების შექმნის საკითხზე აქტიურ კონსულტაციებს აწარმოებენ.