თბილისი, 15 იანვარი — Sputnik. 2023 წელს ქუთაისის საერთაშორისო აეროპორტში მგზავრთნაკადმა რეკორდულ მაჩვენებელს მიაღწია და 2022 წლის ანალოგიურ პერიოდთან შედარებით 103%-ით გაიზარდა, იუწყება საქართველოს აეროპორტების გაერთიანება.
გაერთიანების ინფორმაციით, 2023 წელი ქუთაისის საერთაშორისო აეროპორტისთვის არსებობის მანძილზე ისტორიული იყო. 2023 წელს აეროპორტი თითქმის 1,7 მილიონ მგზავრს მოემსახურა
მგზავრთნაკადის გარდა, 2023 წელი რეკორდული იყო ქუთაისის აეროპორტისთვის რეისების რაოდენობის კუთხითაც. ქუთაისის საერთაშორისო აეროპორტი 2023 წელს 5.040 რეისს მოემსახურა, რაც 2022 წელთან შედარებით 57 %-ით მეტია.
რაც შეეხება 2023 წლის დეკემბრის თვის მონაცემებს, ამ პერიოდში ქუთაისის საერთაშორისო აეროპორტი 157.092 მგზავრს და 538 რეისს მოემსახურა, რაც 2022 წლის დეკემბერს შესაბამისად 85% და 76%-ით აღემატება.
ამ ეტაპისთვის ქუთაისის საერთაშორისო აეროპორტიდან 5 ავიაკომპანია ოპერირებს, რეისები 20 ქვეყნის 39 მიმართულებით სრულდება.
აეროპორტების გაერთიანებაში ასევე განაცხადეს, რომ 2023 წლის 16 დეკემბრიდან ქუთაისის საერთაშორისო აეროპორტს Wizz Air-ის მეოთხე ბაზირებული ხომალდი და კოპენჰაგენის მიმართულება დაემატება.
ავიაკომპანიამ 2023 წლის ივნისში ქუთაისის აეროპორტში მესამე ბაზირებული ხომალდი დააბრუნა და 2 ივნისიდან პირდაპირი რეგულარული რეისების შესრულება დაიწყო ევროპის 5 ქალაქის – ბრიუსელის, მადრიდის, ფრანკფურტის, ჰამბურგისა და პოზნანის მიმართულებებით. ფრენები კვირაში ორი სიხშირით ხორციელდება.
19 დეკემბრიდან კი აეროპორტში ოპერირება დაიწყო ავიაკომპანია Pegasus Airlines-მა, რომელიც სტამბოლი-ქუთაისი-სტამბოლის მიმართულებით ფრენებს კვირაში 3 სიხშირით ასრულებს.
კორონავირუსის პანდემიის გამო, საქართველომ 2020 წლის მარტში ავიამიმოსვლის აკრძალვა შემოიღო, რომელიც 2021 წლის თებერვლამდე მოქმედებდა. 2022 წელს საქართველოში საერთაშორისო მოგზაურთა ვიზიტების რაოდენობა 2021 წელთან შედარებით 188,5%-ით გაიზარდა და 5,4 მილიონი შეადგინა.