„ქართული ოცნების" ლიდერმა ჩინეთში ვიზიტის რეალური მიზანი გაამხილა

ქართული დელეგაციის ვიზიტი ჩინეთის სახალხო რესპუბლიკაში 20 იანვრამდე გაგრძელდება.
Sputnik
თბილისი, 15 იანვარი — Sputnik. საქართველოს ხელისუფლება დიდ მნიშვნელობას ანიჭებს ჩინეთთან ურთიერთობების განვითარებას და მმართველი პარტია „ქართული ოცნება - დემოკრატიული საქართველოს“ დელეგაციის ვიზიტი ემსახურება ქვეყნებს შორის სტრატეგიული პარტნიორობის შესახებ შეთანხმების სათანადო შესრულების უზრუნველყოფას, განაცხადა პარტია „ქართული ოცნების“ თავმჯდომარემ და დელეგაციის ხელმძღვანელმა ირაკლი კობახიძემ.
ვიზიტის ფარგლებში დაგეგმილია პეკინსა და შანხაიში მაღალი დონის შეხვედრები. კობახიძის თქმით, უკვე გაიმართა შეხვედრა ჩინეთის მმართველი პარტიის საერთაშორისო ურთიერთობების დეპარტამენტის თავმჯდომარე ლიუ ძინჩაოსთან და მის მოადგილე სუნ ხაიანთან და ასევე სახელმწიფო საბჭოს განვითარების კვლევითი ცენტრის ვიცე-პრეზიდენტ ჭანგ ლაიმინგთან.
„ძალიან საინტერესოა თანამშრომლობის გაღრმავებაზე საუბარი. გასული წელი ისტორიული იყო ჩინეთსა და საქართველოს შორის ურთიერთობების გაღრმავების კუთხით. ხელი მოეწერა სტრატეგიული პარტნიორობის შესახებ შეთანხმებას და ჩვენი მიზანი, ბუნებრივია, არის ამ თანამშრომლობის შესახებ შეთანხმების იმპლემენტაციის უზრუნველყოფა და ჩვენი ვიზიტი ამ მიზანს ემსახურება“, - განაცხადა კობახიძემ.
მისი თქმით, არის ბევრი დარგი, სადაც შესაძლებელია ქვეყნებს შორის ურთიერთობების გაღრმავება.
„რა თქმა უნდა, მნიშვნელოვანია პოლიტიკური ასპექტის გაღრმავება, მნიშვნელოვანია ეკონომიკური ურთიერთობების გაღრმავება და ამას უნდა ჰქონდეს ძალიან კონკრეტული ხელშესახები შედეგები. ჩვენ დიდ მნიშვნელობას ვანიჭებთ საქართველოსა და ჩინეთს შორის ურთიერთობების განვითარებას“, - აღნიშნა კობახიძემ.
„ქართული ოცნების“ დეპუტატების ვიზიტი ჩინეთის სახალხო რესპუბლიკაში 14 იანვრიდან 20 იანვრამდე გაგრძელდება.
მხარდაჭერის კიდევ ერთი ნაბიჯი - დეპუტატი „ქართული ოცნების" დელეგაციის ჩინეთში ვიზიტზე>>>
ქართული დელეგაციის შემადგენლობაში შედიან: პარლამენტის თავმჯდომარის პირველი მოადგილე გიორგი ვოლსკი, პარლამენტის თავმჯდომარის მოადგილე ირაკლი ჩიქოვანი, საგარეო ურთიერთობათა კომიტეტის თავმჯდომარე ნიკოლოზ სამხარაძე, დარგობრივი ეკონომიკისა და ეკონომიკური პოლიტიკის კომიტეტის თავმჯდომარე დავით სონღულაშვილი, აგრარულ საკითხთა კომიტეტის თავმჯდომარე ნინო წილოსანი და სპორტის კომიტეტის თავმჯდომარის პირველი მოადგილე ვიქტორ სანიკიძე.
საქართველომ და ჩინეთმა 2023 წლის ივლისის ბოლოს ორმხრივი ურთიერთობების ახალ დონეზე – სტრატეგიულ პარტნიორობაზე გადასვლის შესახებ განაცხადეს. გარდა ამისა, საქართველომ 2023 წლის 12 სექტემბერს ჩინეთის მოქალაქეებისთვის სავიზო რეჟიმი ცალმხრივად გააუქმა. ჩინეთის მოქალაქეებს შეუძლიათ საქართველოში შემოსვლა ტურიზმის მიზნით და დარჩენა 30 დღის განმავლობაში.
ჩინეთმა და საქართველომ სტრატეგიული პარტნიორობის გაღრმავების შესახებ ერთობლივი განცხადება ჩინეთში პრემიერ-მინისტრ ირაკლი ღარიბაშვილის ვიზიტის დროს გამოაქვეყნეს. დოკუმენტი მოიცავს ოთხ ასპექტს მოიცავს - პოლიტიკურს, ეკონომიკურს, ეროვნებათაშორის და კულტურულ, ასევე საერთაშორისო ურთიერთობებს.
საქართველოს ხელისუფლებამ ამ გადაწყვეტილებას ორივე ქვეყნის საკეთილდღეოდ ისტორიული გადაწყვეტილება უწოდა და აღნიშნა, რომ ჩინური ინვესტიციების შთამბეჭდავ ზრდას ელიან.
ოპოზიციამ კი, თავის მხრივ, ჩინეთთან სტრატეგიული პარტნიორობის დამყარება განიხილა, როგორც რისკი საქართველოს დასავლეთთან ურთიერთობისთვის. მათ მოუწოდეს ხელისუფლებას სიფრთხილით დაამყარონ ურთიერთობები ჩინეთთან - განავითარონ ეკონომიკური კავშირები, მაგრამ არავითარ შემთხვევაში არ დაუახლოვდნენ პოლიტიკურად.