სახელმწიფო 250 ათას სოციალურად დაუცველ ოჯახს დენის გადასახადს წელსაც დაუფინანსებს

2024 წლის განმავლობაში სოციალურად დაუცველ ოჯახებს, სარეიტინგო ქულების მიხედვით, მოხმარებული ელექტროენერგია 12,5 თეთრამდე დაუფინანსდებათ.
Sputnik
თბილისი, 13 იანვარი — Sputnik. ელექტროენერგიის სუბსიდირება 150 ათასზე ნაკლები სარეიტინგო ქულის მქონე სოციალურად დაუცველი ოჯახებისთვის 2024 წელსაც გაგრძელდება, ნათქვამია საქართველოს მთავრობის ადმინისტრაციის პრეს-სამსახურის მიერ გავრცეწლებულ ინფორმაციაში.
სოციალურად დაუცველი ოჯახებისათვის ელექტროენერგიის სუბსიდირების საკითხი საქართველოს პრემიერ-მინისტრის, ირაკლი ღარიბაშვილის ხელმძღვანელობით მთავრობის ადმინისტრაციაში გამართულ ეკონომიკური საბჭოს სხდომაზე განიხილეს.
როგორც დევნილთა, შრომის, ჯანმრთელობისა და სოციალური დაცვის მინისტრმა ზურაბ აზარაშვილმა განაცხადა, მიუხედავად იმისა, რომ 2023 წლის ბოლოს სემეკის გადაწყვეტილებით საყოფაცხოვრებო მომხმარებლებისთვის ელექტროენერგიის ტარიფი შემცირდა 3 თეთრით, სოციალურად დაუცველი ოჯახებისთვის სუბსიდია ძალაში რჩება.
„2024 წლის განმავლობაში სოციალურად დაუცველ ოჯახებს, სარეიტინგო ქულების მიხედვით, მოხმარებული ელექტროენერგია 12,5 თეთრამდე დაუფინანსდებათ. აღნიშნული შეღავათით 250 ათასამდე ოჯახი ისარგებლებს“, - აღნიშნა მინისტრმა.
ქვეყნის დანარჩენი მოსახლეობისთვის 2024 წლის 1 იანვრიდან 1 ივლისიდან 0-დან 101 კილოვატის ჩათვლით დენის ტარიფი იქნება 15 თეთრი, 101-დან 301 კილოვატამდე მომხმარებლებისთვის – 19 თეთრი, აბონენტებისთვის, რომლებიც 301 კილოვატზე მეტ ელექტროენერგიას მოიხმარს, ტარიფი 23,5 თეთრი იქნება.
რეგიონებისთვის ამავე პერიოდისთვის 101 კვტ/სთ-მდე ენერგიის მოხმარებისას იქნება 14,731 თეთრი, 301 კვტ/სთ-მდე – 15,707, ხოლო 301 კვტ/სთ-ის ზემოთ – 23,227 თეთრი.
სახელმწიფო სოციალურად დაუცველი ოჯახებისათვის მთელი ქვეყნის მასშტაბით, გარდა თბილისისა, კომუნალური გადასახადების ნაწილობრივ სუბსიდირებას წინა წელსაც ახორციელებდა. მაგალითად შარშან, სუბსიდირება მონაცემთა ბაზაში რეგისტრირებული იმ ოჯახებისათვის იყო , რომელთა სოციალურ-ეკონომიკური მდგომარეობის მაჩვენებელი სარეიტინგო ქულა მეტია 70 000-ზე და ნაკლებია ან ტოლია 150.000-ისა, გარდა ქალაქ თბილისის მუნიციპალიტეტის ადმინისტრაციულ საზღვრებში რეგისტრირებული სოციალურად დაუცველი ოჯახებისა.
ასეთი ოჯახებისთვის ყოველთვიურად არაუმეტეს 200 კვტსთ-ის ელექტროენერგიის სუბსიდირება ხდებოდა 1 კვტსთ-ზე 3,5 თეთრით, რაც შეეხება საქართველოს დედაქალაქს. აქ სოციალურად დაუცველებზე ყოველწლიურად თბილისის მერია ზრუნავს.