თბილისი, 13 იანვარი — Sputnik. ციტრუსის სეზონზე საქართველოდან ქვეყნის გარეთ ამ ეტაპისთვის 33.800 ტონა ციტრუსია ექსპორტირებული, ხოლო მიღებული შემოსავალი 22 მილიონ აშშ დოლარს შეადგენს, ნათქვამია საქართველოს მთავრობის ადმინისტრაციის მიერ გავრცელებულ ინფორმაციაში.
ციტრუსის ექსპორტის საკითხზე საუბარი ეკონომიკური საბჭოს სხდომაზე იყო, რომელიც მთავრობის ადმინისტრციაში საქართველოს პრემიერ-მინისტრის ირაკლი ღარიბაშვილის ხელმძღვანელობით შაბათს გაიმართა.
როგორც გავრცელებულ ინფორმაციაშია აღნიშნული, დღეის მდგომარეობით, მიმდინარეობს ციტრუსის მიღება-დახარისხება და ექსპორტირების პროცესი. ამ დროისათვის საწარმოს მიერ გადამუშავებულია 9.900 ტონა არასტანდარტული ციტრუსი. სუბსიდიის თანხამ 2.474 ათასი ლარი შეადგინა.
როგორც საბჭოს სხდომაზე აღინიშნა, დამატებით კიდევ 3-5 ათასი ტონა ციტრუსუს გადამუშავება იგეგმება.
საქართველოში ციტრუსის მოსავლის აღების სეზონი ნოემბერში იწყება და ოთხი თვე გრძელდება - „ნარინჯისფერი რთველი“ აქტიურ ფაზაში ნოემბრის შუა რიცხვებიდან შევიდა.
25 ოქტომბერს აჭარის რეგიონში საკოორდინაციო შტაბი ამოქმედდა, რომლის მიზანია ციტრუსოვანი ხილის ლოგისტიკისა და რეალიზაციის ხელშეწყობა, ასევე არასტანდარტული მანდარინის სუბსიდირების უზრუნველყოფა.
ადგილობრივი ხელისუფლების გადაწყვეტილებით, არასტანდარტულ მანდარინზე წელს სუბსიდირება, გასულ წელთან შედარებით, 10 თეთრით გაიზარდა და 1 კგ სამრეწველო მანდარინზე 25 თეთრით განისაზღვრა. საწარმოს მიერ გადახდილ 5 თეთრს, სუბსიდიის თანხა ემატება და ფერმერი ჩაბარებულ არასტანდარტულ მანდარინში 30 თეთრს იღებს.
წელს მოსალოდნელია 55 ათას ტონამდე ციტრუსის მოსავლის აღება. საექსპორტო მანდარინს ციტრუსის გადამამუშავებელი 20-ზე მეტი საწარმო მიიღებს. ხოლო არასტანდარტულ მანდარინს ქობულეთის საკონსერვო ქარხანა ჩაიბარებს.