მსოფლიო ეკონომიკა 2024 წელს ანტირეკორდს დაამყარებს – როგორ აისახება ეს საქართველოზე

ექსპერტმა გლობალური ეკონომიკა შეადარა ავადმყოფს, „რომელიც უკვე გამოწერეს საავადმყოფოდან, მაგრამ ბოლომდე არ გამოჯანმრთელებულა“.
Sputnik
თბილისი, 12 იანვარი – Sputnik. მსოფლიო მშპ–ის ზრდის ტემპის შემცირება გავლენას მოახდენს საქართველოს ეკონომიკის ზრდაზეც, თუმცა მსოფლიოში მიმდინარე ბევრი პროცესი მაინც დადებითად აისახება ქვეყანაზე, განუცხადა ექსპერტმა ეკონომიკურ საკითხებში, პროფესორმა სოსო არჩვაძემ Sputnik–საქართველოს.
მსოფლიო ბანკმა გამოაქვეყნა მოხსენება „მსოფლიო ეკონომიკის პერსპექტივები“, სადაც აღნიშნულია, რომ ეს ათწლედი განვითარების სფეროში შეიძლება გარდამტეხი გახდეს, თუმცა, პროგნოზებით, 2024 წლის ბოლოსთვის მსოფლიო ეკონომიკა ანტირეკორდს დაამყარებს: მსოფლიო მშპ–ის ზრდის ტემპები მიმდინარე ათწლედის პირველ ნახევარში ყველაზე დაბალი აღმოჩნდება ბოლო 30 წლის განმავლობაში.
„თუ მსოფლიო ეკონომიკა მცირდება, მოთხოვნა ქართულ პროდუქციაზე, შესაბამისად, შემცირდება, და თავის დაღს დაასვამს ჩვენი ქვეყნის ეკონომიკური ზრდის ტემპზე. მაგრამ ყველაფერი ასე ერთმნიშვნელოვანი არ არის“, – განაცხადა არჩვაძემ.
ექსპერტმა გლობალური ეკონომიკა შეადარა პაციენტს, „რომელიც უკვე გამოწერეს საავადმყოფოდან, მაგრამ ის ბოლომდე არ გამოჯანმრთელებულა“, რაშიც იგულისხმა მსოფლიო ეკონომიკის ვარდნა COVID-19–ის პანდემიის გამო.
„მხედველობაში მაქვს ის რყევები და ეკონომიკის ვარდნა, რაც კორონავირუსის პანდემიის გამო მოხდა. მსოფლიო თითქოს დაპატარავდა, შემცირდა და მოხდა იმ მსოფლიო ეკონომიკის რაღაცნაირი ფრაგმენტაცია, რომელსაც ათწლეულები, 2022 წლამდე ვადევნებდით თვალს. ამაზე დიდხანს შეიძლება ლაპარაკი, მაგრამ ეს ყველაფერი თავის დაღს ასვამს ეკონომიკური ზრდის შესაძლებლობებზე“, – განაცხადა მან.
პრემიერი საქართველოს ხელისუფლების ერთ–ერთი ყველაზე მთავარ მიღწევაზე 2023 წელს>>
არჩვაძემ მაგალითად მოიყვანა ის, რომ, თუ რამე ცალკე პროდუქციის საწარმოებლად საჭიროა ნედლეული, იმ პირობით, რომ ნედლეულის ღირებულება უცვლელად ან მეტ–ნაკლებად მისაღებ დონეზე დარჩება, მაგრამ გადაზიდვის ღირებულება დანიშნულების პუნქტამდე იზრდება, ბიზნესისთვის უფრო მომგებიანია ამ ნედლეულის გაზრდილი ფასით ყიდვა სადღაც სხვა რეგიონში, მაგრამ ეკონომიის გაკეთება სატრანსპორტო ხარჯებზე.
„მიმდინარეობს ეკონომიკური და ფინანსური სახსრების გადაჯგუფების პროცესი ახალი წონასწორობის ან საწარმოების კავშირების ახალი განაწილების მოსაძებნად. ეს, რა თქმა უნდა, გავლენას ახდენს საბოლოო შედეგზე, რომელიც ვერ იქნება ისეთივე მაღალი, როგორიც შეიძლება ყოფილიყო ნორმალური სამეურნეო კავშირების შემთხვევაში“, – განაცხადა არჩვაძემ.
რამდენადაც საქართველო ასევე მიბმულია საგარეო ეკონომიკურ კავშირებზე, ვითარება მსოფლიო ბაზარზე თავის დაღს ასვამს ჩვენს ეკონომიკას, მიიჩნევს ექსპერტი.
„მარტივი ენით რომ ვთქვათ, იმისთვის, რომ საქართველოს ეკონომიკის ზრდა მაღალი იყოს, ამისთვის სურვილი, საწარმო სიმძლავრეებისა და ბიზნეს–წრეებისა და მოსახლეობის კონსოლიდაცია საკმარისი არ არის, არამედ ამისთვის საჭიროა, რომ მსოფლიო ეკონომიკას მოთხოვნა ჰქონდეს იმ პროდუქციაზე, რომელსაც საქართველო აწარმოებს“, – განმარტა მან.
მაგალითად არჩვაძემ მოიყვანა ასევე საქართველოდან ფეროშენადნობების, სპილენძისა და აზოტის სასუქის ექსპორტის მაჩვენებლების შემცირება, ამ პროდუქციაზე ფასებისა და მოთხოვნის შემცირების გათვალისწინებით, რის გამოც ქვეყნის ბიუჯეტს 800 მილიონი დოლარი დააკლდა.
დავითაშვილი: ახალ შეთანხმებას შუა დერეფნის განვითარების საკითხზე 2024 წელს გავაფორმებთ>>
„ამის გამო ჩვენმა ექსპორტმა აჩვენა არა არსებითი ზრდა, არამედ დუნე განვითარება“, – აღნიშნა ექსპერტმა.
და მაინც, ყველაფერი ასე ერთმნიშვნელოვანი არ არის. მისი აზრით, ქართული ეკონომიკისთვის მსოფლიო ეკონომიკაში მიმდინარე ბევრ ფაქტორს გავლენა აქვს დადებითი ნიშნითაც.
„რადგანაც, როდესაც ეკონომიკური კავშირების გადაწყობა მიმდინარეობს, ზოგიერთი პოზიციით საქართველომ შეძლო თავისი პოზიციის გაუმჯობესება, ეს არის საქართველოს ზრდის პროცესი, როგორც მყარი რგოლისა დასავლეთსა და აღმოსავლეთს შორის, „დიდი აბრეშუმის გზის“ ე.წ. შუა რგოლის სახით ჩინეთიდან ევროპისკენ საქონლისა და მომსახურების გადაადგილების კუთხით“, – განაცხადა არჩვაძემ.
მისი თქმით, საქართველო ადასტურებს თავის საიმედო როლს, გარანტიებსა და სწრაფად გადაადგილების უსაფრთხოებას ამ საქონლის თავის ტერიტორიაზე გატარებისას და იმედოვნებს, რომ საქართველოს, როგორც სატრანსპორტო–ლოგისტიკური ჰაბის როლი კიდევ უფრო გაიზრდება.
„ასე რომ, მომავალს შეიძლება შევხედოთ როგორც ეჭვის თვალით, ისე ოპტიმიზმით“, – განაცხადა მან.
საქართველოს სატრანზიტო როლი განსაკუთრებულ გავლენას ახდენს ეკონომიკის განვითარებაზე – ჩინეთთან, თურქეთთან და ევროკავშირთან არსებული თავისუფალი ვაჭრობის ხელშეკრულებების გათვალისწინებით. საქართველოს როლის გასაძლიერებლად ამჟამად მიმდინარეობს აღმოსავლეთი–დასავლეთის ავტომაგისტრალის ნაწილის მშენებლობის ფართომასშტაბიანი პროექტი, რომელიც აზიასა და ევროპას საქართველოს გავლით აკავშირებს.
მსოფლიო ბანკის პროგნოზები
მსოფლიო ბანკის პროგნოზების მიხედვით, 2024 წელს მსოფლიო ეკონომიკის ზრდის ტემპი გააგრძელებს შემცირებას (ზედიზედ მესამე წელი) და გასული წლის 2,6%–თან შედარებით, 2,4%–მდე ჩამოვა, რაც 2010–იანი წლების საშუალო მაჩვენებელზე თითქმის სამი მეოთხედი პროცენტული პუნქტით ქვევით იქნება.
მთელი მსოფლიოს ინტერესშია - ექსპერტი საქართველოს სატრანზიტო როლის შესახებ>>
პროგნოზების მიხედვით, ეკონომიკური ზრდა განვითარებადი ეკონომიკის მქონე ქვეყნებში შეადგენს მხოლოდ 3,9%–ს, რაც ერთ პროცენტულ პუნქტზე ნაკლებია გასული ათწლეულის საშუალო მაჩვენებელზე.
მოსალოდნელია, რომ დაბალი დონის შემოსავლების მქონე ქვეყნების ეკონომიკა, რომელთა გასული წლების მაჩვენებლებმა იმედგაცრუება მოიტანა, გაიზრდება 5,5%–ით (წინა პროგნოზთან შედარებით ნაკლები).
საქართველოსთვის საერთაშორისო ფინანსური ინსტიტუტი ეკონომიკის 4,8%–ით ზრდას პროგნოზირებს 2024 წელს და 4,5%–ით – 2025 წელს.
არჩვაძე დარწმუნებულია, რომ ეს პროგნოზები მიმდინარე წლის ბოლოს შეიცვლება.
„საქართველო, მსოფლიო ბანკი და საერთაშორისო სავალუტო ფონდი ბოლო სამი–ოთხი წელია, ჩვენი ქვეყნისთვის უფრო დაბალ პროგნოზებს აკეთებენ, შემდეგ ეს პროგნოზები საქართველოს მხრიდან იზრდება ისევე, როგორც ამ ორგანიზაციების მხრიდან. და წლის ბოლოს გამოდის, რომ ფაქტობრივი მონაცემები ძალიან აჭარბებს იმ პესიმისტურ მონაცემებს, რომლებიც წლის დასაწყისში იყო. ვფიქრობ, 2024 წელსაც ასე მოხდება“, – განაცხადა არჩვაძემ.
2020 წელს ეკონომიკის 6,8%-ით ვარდნის შემდეგ 2021 წლის აპრილიდან ქვეყანაში აღდგენის საკმაოდ სწრაფი პროცესი მიმდინარეობს, რაც პრაქტიკულად ყველა ეკონომიკურ პარამეტრზე აისახება. ესაა ექსპორტისა და იმპორტის, ფულადი გადმორიცხვებისა და საწარმოების ბრუნვის ზრდა.დაზუსტებული მონაცემებით, საქართველოს ეკონომიკურმა ზრდამ 2021 წელს 10,5% შეადგინა, 2022 წლის საშუალო მაჩვენებელი 10,4% იყო.მშპ–ის რეალური ზრდის საშუალო მაჩვენებელმა 2023 წლის იანვარ–ნოემბერში 6,9% შეადგინა.