თბილისი, 11 იანვარი — Sputnik. ევროკავშირი ემზადება, შექმნას თავდაცვის ერთობლივი ფონდი 100 მილიარდი ევროს ოდენობით, ვინაიდან, დონალდ ტრამპის ხელისუფლებაში დაბრუნების შემთხვევაში, აშშ-ის მხარდაჭერის გარეშე დარჩენისა ეშინია, განაცხადა შიდა ბაზრის კომისარმა ტიერი ბრეტონმა.
როგორც The European Conservative წერს, დეტალები ევროპის თავდაცვის საინვესტიციო პროგრამაშია (EDIP) შესული, რომელიც 27 თებერვალს იქნება წარმოდგენილი. პროგრამა მიზნად ისახავს იარაღის ერთობლივი შესყიდვების გაზრდასა და შიდა წარმოების გაძლიერებას, რათა ევროპა მოემზადოს და შეაჩეროს ნებისმიერი შესაძლო კონფლიქტი, პირველ რიგში, რუსეთთან.
„მიმაჩნია, რომ თავდაცვის უზარმაზარი ფონდი გვჭირდება, რომელიც დაჩქარებაში დაგვეხმარება — შესაძლოა 100 მილიარდი ევროს ოდენობითაც კი. დარწმუნებული ვარ, ჩვენ ამას გავაკეთებთ“, — აღნიშნა ბრეტონმა.
თავდაცვის საერთო ფონდის შექმნის მიზეზებზე საუბრისას მან დონალდ ტრამპსა და ევროკომისიის თავმჯდომარე ურსულა ფონ დერ ლაიენს შორის დავოსში 2020 წელს გამართული დიალოგი გაიხსენა. მისი თქმით, მაშინ ჯერ კიდევ პრეზიდენტმა ტრამპმა ფონ დერ ლაიენს უთხრა:
„თუ ევროპას თავს დაესხმებიან, ჩვენ არ მოვალთ თქვენ დასახმარებლად და მხარდასაჭერად. და, სხვათა შორის, ნატო მკვდარია და ჩვენ მის დატოვებას ვაპირებთ“.
როგორც გამოცემა წერს, ბრეტონმა აშკარად მიანიშნა, რომ, თუ ევროპელები 100 მილიონ ევროს მაინც არ გადაიხდიან ბრიუსელის მიერ კონტროლირებად იარაღში, „ევროპას რუსეთი დაიპყრობს“.
გავრცელებული ინფორმაციით, ევროკავშირი ბიუჯეტის გაზრდის საკითხს თებერვალში განიხილავს სამიტზე, რა დროსაც თავდაცვის საერთო ინსტრუმენტებში ერთობლივი ინვესტიციებისა და ბლოკის უსაფრთხოების გარდა, ყურადღება უკრაინის საჭიროებებსაც დაეთმობა.