დანიის ელჩის სკანდალური სტატია საქართველოზე - როგორ დასრულდა შეხვედრა საგარეო უწყებაში

ქართულმა მხარემ გამოთქვა მწუხარება, რომ პუბლიკაცია შეიცავს მნიშვნელოვან ფაქტობრივ უზუსტობებს და მიკერძოებულ შეფასებებს
Sputnik
თბილისი, 11 იანვარი – Sputnik. საგარეო საქმეთა სამინისტრომ დანიის ელჩს ანე ტოფტ სორენსენს მიუთითა დანიურ გამოცემაში გამოქვეყნებულ მის სტატიაში არსებულ უზუსტობებსა და მიკერძოებულ შეფასებებზე, თავის მხრივ, ელჩმა გამოთქვა შეშფოთება სტატიის ნეგატიურ კონტექსტში გამოყენების გამო.
სკანდალი გამოიწვია სორენსენის სტატიამ დანიურ გამოცემაში Jyllands-Posten, რომელიც საქართველოში მიმდინარე ბოლო მოვლენებს ეხებოდა. დიპლომატმა საქართველოს ექს-პრემიერსა და „ქართული ოცნების" დამფუძნებელს ბიძინა ივანიშვილს ოლიგარქი უწოდა, რომელმაც თავისი ქონება რუსეთში 1990-იან წლებში დააგროვა. საქართველოს მმართველ პარტიაში დანიის ელჩის განცხადებას უპასუხისმგებლო უწოდეს, მეტიც - ამის შემდეგ ელჩი საგარეო საქმეთა სამინისტროში დაიბარეს.
როგორც შეხვედრაზე ქართულმა მხარემ აღნიშნა, სამწუხაროა, რომ პუბლიკაციაში ადგილი ჰქონდა მნიშვნელოვან ფაქტობრივ უზუსტობებსა და არაობიექტურ შეფასებებს, რაც ხელს არ უწყობს ქვეყნის მიმართ საერთაშორისო საზოგადოების, მათ შორის დანიელი მკითხველის პოზიტიური დამოკიდებულების ჩამოყალიბებას.
შეხვედრაზე ასევე ხაზი გაესვა, რომ აღნიშნული პუბლიკაცია ცალკეული ძალების მხრიდან პოლიტიკური ინტერპრეტაციებისთვის იქნა გამოყენებული, რაც, ბუნებრივია, ხელს უშლის ქვეყნის მიმართ ევროკავშირის მიერ განსაზღვრული მთავარი ამოცანის – დეპოლარიზაციის ეფექტიან განხორციელებას.
„შეხვედრაზე დანიურმა მხარემ წუხილი გამოთქვა აღნიშნულის გამო და განაცხადა, რომ სტატია გამიზნული იყო დანიის მხრიდან საქართველოს ევროკავშირში ინტეგრაციის პროცესის მხარდაჭერისთვის და სამწუხაროა, რომ ოპონენტების მხრიდან იგი უარყოფით კონტექსტში იქნა გამოყენებული“, – ნათქვამია საქართველოს საგარეო საქმეთა სამინისტროს მიერ გავრცელებულ ინფორმაციაში.
„ქართული ოცნების" ყრილობამ 2023 წლის 30 დეკემბერს პარტიის დამფუძნებელი, 67 წლის ბიძინა ივანიშვილი საპატიო თავმჯდომარედ აირჩია, რაც მილიარდერის ქართულ პოლიტიკაში დაბრუნებას ნიშნავს წასვლიდან სამი წლის შემდეგ.
საქართველოში დანიის ელჩის სკანდალური სტატია: საელჩოს პირველი კომენტარი >>
ივანიშვილის დაბრუნება
პოლიტიკაში დაბრუნების მიზეზად „ქართული ოცნების" დამფუძნებელმა „ჭარბად მოძლიერებული გუნდის ადამიანური ცდუნებებისგან დაცვა" დაასახელა. ივანიშვილმა განაცხადა, რომ „ოპოზიციის არარსებობის" პირობებში „ჩნდება ცდუნება, დაპირისპირება გუნდის შიგნით გამოიგონო" და იზრდება კორუფციის რისკები. ამასთან დაკავშირებით ის აპირებს იყოს პარტიის მთავარი მრჩეველი და იკისროს „სიმძიმის ცენტრის" მისია.
ივანიშვილი პოლიტიკიდან რამდენჯერმე წავიდა. 2013 წლის ბოლოს მან დატოვა საქართველოს პრემიერ-მინისტრის თანამდებობა, რომელიც მიხეილ სააკაშვილის მიერ ხელისუფლების შეცვლის შემდეგ ერთი წლის განმავლობაში ეკავა. 2018 წლის მაისში ივანიშვილი პოლიტიკაში დაბრუნდა და სათავეში ჩაუდგა „ქართულ ოცნებას" მოსალოდნელი დაშლისგან გადასარჩენად, 2021 წლის იანვარში კი ისევ წავიდა პოლიტიკიდან.