ამილახვარი: მორიგი მკრეხელური გამოვლინება ვნახეთ ჩვენს დედა ეკლესიაზე

რამდენიმე დღის წინ წმინდა მატრონა მოსკოველის ხატს, რომლის ერთ-ერთ ფრაგმენტზე საბჭოთა ბელადი იოსებ სტალინია გამოსახული, საღებავი გადაასხეს.
Sputnik
თბილისი, 11 იანვარი — Sputnik. მორიგი მკრეხელური გამოვლინება და კიდევ ერთი იერიში ვნახეთ ჩვენს დედა ეკლესიაზე, განაცხადა საქართველოს განათლებისა და მეცნიერების მინისტრმა გიორგი ამილახვარმა.
სამშაბათს, 9 იანვარს წმინდა მატრონა მოსკოველის ხატს, რომლის ერთ-ერთ ფრაგმენტზე საბჭოთა ბელადი იოსებ სტალინია გამოსახული, საღებავი გადაასხეს. ამასთან საღებავით მხოლოდ ხატის ცენტრალური ადგილი დაზიანდა, სტალინის გამოსახულება კი მარცხენა მხარესაა. ამჟამად მსგავსი შეურაცხყოფისთვის საქართველოში სასჯელი არ არსებობს.
როგორც მინისტრმა აღნიშნა, არ არის სიახლე, რომ გარკვეული ადამიანები თავს ესხმიან ქართულ სახელმწიფოსა და ქართულ ეკლესიას.
„თუმცა, საზოგადოება არის ბრძენი, ყველაფერს ხედავს. რომ არა ჩვენი პოლიტიკოსების და ხელისუფლების შეფასებაც კი, თქვენ ხედავთ, რომ საზოგადოებამ თავად გასცა პასუხი ამ ადამიანებს და უპასუხა იმ მკრეხელობაზე, იმ ძალიან არაბუნებრივ და არაკეთილმოსურნე ზრახვებზე, რომელიც ამის უკან არის ამოფარებული", - განაცხადა გიორგი ამილახვარმა.
საზოგადოებაში მღელვარება მას შემდეგ დაიწყო, რაც საქართველოს პარლამენტის ყოფილმა დეპუტატმა გიორგი კანდელაკმა შობის წინა დღეს გამოაქვეყნა ვიდეო სამებიდან, სადაც ხატის ერთ-ერთ სიუჟეტურ ფრაგმენტზე გამოსახულია სტალინი. თავის პოსტში ოპოზიციონერმა სტალინს საქართველოს დამოუკიდებლობის განადგურების ინიციატორი, ათასობით სამღვდელო პირის მკვლელი და საბჭოთა ტოტალიტარული სისტემის შემქმნელი უწოდა.
წმინდა მატრონას ხატი სამების ტაძარში პარტია „საქართველოს პატრიოტთა ალიანსის" ლიდერებმა ირმა ინაშვილმა და დავით თარხან-მოურავმა დააბრძანეს. ინაშვილის ინფორმაციით, ხატი ქართველმა ხატმწერმა დაწერა და რამდენიმე წლის წინ სამებას შესწირა, ხატის ირგვლივ ატეხილ აჟიოტაჟს ინაშვილმა სრული უწიგნურებისა და სიბნელის ზეიმი უწოდა.
საპატრიარქო: მივმართავთ შემომწირველთ, შეიტანონ ცვლილებები ხატში, ან ამას ჩვენ გავაკეთებთ>>
დღეს საქართველოს საპატრიარქომ განცხადება გაავრცელა და წმინდა მატრონას ხატის შემომწირველებს მიმართა, სტალინთან დაკავშირებული ეპიზოდის გამო შეიტანონ ხატში სათანადო ცვლილებები, ან ამას თავად საპატრიარქო გააკეთებს.
საპატრიარქოს განმარტებით, რადგან სტალინის შეხვედრა წმინდა მატრონასთან, არასაკმარისი მტკიცებულებების გამო, არ არის შეტანილი მისი ცხოვრების კანონიკურ ტექსტში, არ არის აღიარებული რუსეთის ეკლესიის მიერ, რომელმაც იგი წმინდანად შერაცხა, აუცილებელია აღნიშნული ეპიზოდის შეცვლა.
მმართველმმა პარტიამ „ქართული ოცნება - დემოკრატიული საქართველო" დაიწყო მუშაობა ახალ ინიციატივაზე, რომელიც ითვალისწინებს სასჯელის გამკაცრებას რელიგიური ნაგებობებისა და რელიგიური ატრიბუტიკის შეურაცხყოფისთვის.