თბილისი, 9 იანვარი — Sputnik. ჩეხეთის პოლიციამ ჩეჩნეთის ლიდერ რამზან კადიროვის ცხენის გატაცების ფაქტის გამოძიების საქმეში დახმარებისთვის სხვა ქვეყნებს მიმართა და ახლა მათ პასუხს ელის, იუწყება ჩეხეთის პოლიციის პრესსამსახური.
„სისხლის სამართლის საქმეები საერთაშორისო სამართლებრივი თანამშრომლობის ფარგლებში მიმდინარეობს. ჩვენ დავუკავშირდით რამდენიმე სახელმწიფოს და ველოდებით [მოთხოვნების] აღსრულებას, რასაც ჩვეულებრივ რამდენიმე თვე სჭირდება. პარალელურად ტარდება ატიპიური გენეტიკური ექსპერტიზა ცხოველის დნმ-პროფილის დასადგენად“, — ნათქვამია პოლიციის ოფიციალურ პასუხში.
არსებული ცნობით, კადიროვის წმინდა სისხლის ინგლისური ბედაური სახელად ზაზუ გასული წლის მარტში მოიპარეს ჩეხეთის კრაბჩიცეს თავლიდან.
კადიროვის განმარტებით, ზაზუს რეალური ფასი, რომელიც სანქციების გამო ჩარჩა ჩეხეთში, რეალურად 10 მილიონი დოლარია და არა 18 ათასი, როგორც ამას ჩეხეთის ხელისუფლება აცხადებდა.
ცხენის მოპარვიდან ორი თვის შემდეგ ჩეჩნეთის ლიდერმა გაავრცელა ინფორმაცია, რომ მას ცხოველის გატაცება უკრაინულმა სპეცსამსახურებმა შესთავაზეს, რომლებიც ჩეხეთის პოლიციასთან იყვნენ შეთანხმებული. მისი თქმით, გარიგება 18 ათასი დოლარი ღირდა. მაშინ ჩეხეთის პოლიციამ უარი თქვა, პასუხი გაეცა კადიროვის განცხადებაზე — მხოლოდ აღნიშნა, რომ საქმის გამოძიებას განაგრძობს.
2023 წლის 17 მაისს ზაზუ გროზნოში ჩაიყვანეს, რის დამადასტურებელი ვიდეოც კადიროვმა თავად გამოაქვეყნა.
ამასთან ის ირწმუნებოდა, რომ „მისმა ხალხმა" არ გადაუხადა დაპირებული თანხა უკრაინის სპეცსამსახურების წარმომადგენლებს, რომლებიც თითქოს ცხენის გატაცებაში მონაწილეობდნენ. კადიროვის თქმით, „სანამ ისინი ერთმანეთში საქმეს არჩევდნენ“, მისმა წარმომადგენლებმა „ცხენი უბრალოდ წამოიყვანეს“.