თბილისი, 8 იანვარი — Sputnik. ევროკავშირს საკმარისი დრო აქვს იმისთვის, რომ თანამდებობიდან ჩემი გადადგომის შემთხვევაში შემცვლელი აირჩიოს და უნგრეთის პრემიერი ვიქტორ ორბანი ევროსაბჭოს თავმჯდომარე არ გახდეს, განაცხადა ევროსაბჭოს მოქმედმა ხელმძღვანელმა შარლ მიშელმა.
მანამდე მან გაავრცელა ინფორმაცია, რომ ივნისში ევროპარლამენტის დეპუტატთა არჩევნებში მონაწილეობის მიღებას აპირებს და არჩევის შემთხვევაში უკვე ივლისში პოსტიდან წასვლა მოუწევს. ხოლო თუ ევროკავშირი დროულად არ დანიშნავს ევროსაბჭოს ახალ ხელმძღვანელს, ეს პოზიცია შეიძლება უნგრეთის პრემიერ-მინისტრმა ვიქტორ ორბანმა დაიკავოს, რომლის ქვეყანაც 1 ივლისს ევროკავშირის თავმჯდომარე ხდება.
„მინდა მკაფიოდ განვმარტო, რომ ჩემი შემცვლელის თაობაზე გადაწყვეტილება ნებისმიერ შემთხვევაში ივნისში უნდა ყოფილიყო მიღებული. ხოლო ევროპარლამენტში ჩემი გადასვლის საკითხი ივლისში გაირკვევა. ამიტომ ევროსაბჭოს იოლად შეუძლია მიიღოს გადაწყვეტილება და თანამდებობაზე ჩემი შემცვლელი დანიშნოს. თუ პოლიტიკური ნება იქნება, არსებობს ბევრი ინსტრუმენტი იმისთვის, რომ ვიქტორ ორბანის [თავმჯდომარეობა] თავიდან ავიცილოთ“, — განაცხადა მიშელმა.
აღსანიშნავია, რომ ეს პირველი შემთხვევაა, როდესაც ევროსაბჭოს მოქმედი თავმჯდომარე ევროპარლამენტის არჩევნებში იღებს მონაწილეობას, და პირველი შემთხვევაა, როცა ის თანამდებობიდან დროზე ადრე მიდის.
თავად ვიქტორ ორბანი, რომელმაც ცოტა ხნის წინ უკრაინისთვის ევროკავშირის მიერ 50 მლრდ ევროს გამოყოფის საკითხი დაბლოკა, აცხადებს, რომ მისი თავმჯდომარეობა „უფრო სამშვიდობო ხასიათისა“ იქნება, ხოლო საკუთარ ამოცანად „ბრიუსელის ოკუპაციას“ ასახელებს.