თბილისი, 4 იანვარი - Sputnik. ზუგდიდი-მესტიის საავტომობილო გზაზე რამდენიმე წუთით გახსნილი ხაიშის მონაკვეთი ისევ ჩაიკეტა, იუწყება საავტომობილო გზების დეპარტამენტი.
გუშინ მესტიის გზაზე (შიდასახელმწიფოებრივი მნიშვნელობის ზუგდიდი-ჯვარი-მესტია-ლასდილის საავტომობილო გზის 73-ე კმ-ზე მონაკვეთზე) დიდი მოცულობის კლდოვანი მასა ჩამოვიდა. ქვათაცვენის გამო გუშინ საღამოდან გზის აღნიშნულ მონაკვეთზე ორივე მიმართულებით აკრძალული იყო ყველა სახის ავტოტრანსპორტის მოძრაობა.
ზუგდიდი-ჯვარი-მესტიის საავტომობილო გზის ხაიშის მონაკვეთზე მოძრაობა ცოტა ხნის წინ ორმხრივად გაიხსნა, თუმცა ახალი, დიდი მოცულობის კლდოვანი მასის ჩამოშლის გამო ისევ ჩაიკეტა.
უწყების ცნობით, ადგილზე მობილიზებულები არიან როგორც გზების დეპარტამენტის წარმომადგენლები, ასევე საჭირო ტექნიკა, რომელიც ინტენსიურად აგრძელებს გაწმენდით სამუშაობს.