თბილისი, 4 იანვარი – Sputnik. მმართველი პარტია „ქართული ოცნება – დემოკრატიული საქართველოს“ დამფუძნებელი ბიძინა ივანიშვილი მაკონსოლიდერებელ როლს შეასრულებს საქართველოს საპარლამენტო არჩევნებზე, რომელიც 2024 წლის შემოდგომაზე ჩატარდება, განაცხადა პარლამენტის ვიცე–სპიკერმა, „ქართული ოცნების“ ერთ–ერთმა ლიდერმა გია ვოლსკიმ.
„ქართული ოცნების“ ყრილობამ 2023 წლის 30 დეკემბერს პარტიის დამფუძნებელი, 67 წლის ბიძინა ივანიშვილი საპატიო თავმჯდომარედ აირჩია, რაც მილიარდერის ქართულ პოლიტიკაში დაბრუნებას ნიშნავს წასვლიდან სამი წლის შემდეგ.
„საზოგადოების დიდ ნაწილს, მხარდამჭერები მყავს მხედველობაში და არა მხოლოდ, საკმაოდ პოზიტიურად ეჩვენა ეს ნაბიჯი. გარდა ამისა, ეს არის 2024 წელი, გადამწყვეტი წელი, არჩევნები მოდის და რასაკვირველია, ბიძინა ივანიშვილის ფაქტორი, როგორც მაკონსოლიდირებელი ძალის, აქ არის გასათვალისწინებელი“, – განაცხადა ვოლსკიმ.
გარდა ამისა, როგორც ვიცე–სპიკერმა აღნიშნა, ოპოზიცია საკმაოდ მოშლილია და კონფრონტაციის რეჟიმში იმყოფება.
„ასეთ ვითარებაში განსაკუთრებით აგრესიული გახდება მათი ქმედებებიც, საბოტაჟიც უფრო დახვეწილ ფორმებს მიიღებს... ჯგუფის, გუნდის შემქმნელი და ჩამომყალიბებელი ბიძინა ივანიშვილი, რა თქმა უნდა, წაადგება ამ საქმიანობას და მთლიანად საქართველოსთვისაც არ არის რამე გასაკვირი იმაში, რომ მმართველ გუნდს მეტი კონსოლიდაცია ჰქონდეს“, – განაცხადა ვოლსკიმ.
პოლიტიკაში დაბრუნების მიზეზად „ქართული ოცნების“ დამფუძნებელმა „ჭარბად მოძლიერებული გუნდის ადამიანური ცდუნებებისგან დაცვა“ დაასახელა. ივანიშვილმა განაცხადა, რომ „ოპოზიციის არარსებობის“ პირობებში „ჩნდება ცდუნება, დაპირისპირება გუნდის შიგნით გამოიგონო“ და იზრდება კორუფციის რისკები. ამასთან დაკავშირებით ის აპირებს იყოს პარტიის მთავარი მრჩეველი და იკისროს „სიმძიმის ცენტრის“ მისია.
2012 წლის შემდეგ„ქართული ოცნების“ უპრეცედენტოდ მაღალი რეიტინგის შესახებ ცოტა ხნის წინ პარტიის თავმჯდომარემ, ირაკლი კობახიძემ გამოაცხადა. მისი თქმით, რეიტინგი მას შემდეგ გაიზარდა, რაც საქართველომ 14 დეკემბერს ევროკავშირის წევრობის კანდიდატის სტატუსი მიიღო. ამას წინ უძღოდა ხელისუფლების ოპონენტების უწყვეტი განცხადებები იმის შესახებ, რომ „ქართულმა ოცნებამ“ ზურგი აქცია დასავლეთს და ის მხოლოდ თავს იკატუნებს, თითქოს ევროკავშირის პირობებს ასრულებს.
ივანიშვილი პოლიტიკიდან რამდენჯერმე წავიდა. 2013 წლის ბოლოს მან დატოვა საქართველოს პრემიერ-მინისტრის თანამდებობა, რომელიც მიხეილ სააკაშვილის მიერ ხელისუფლების შეცვლის შემდეგ ერთი წლის განმავლობაში ეკავა. 2018 წლის მაისში ივანიშვილი პოლიტიკაში დაბრუნდა და სათავეში ჩაუდგა „ქართულ ოცნებას“ მოსალოდნელი დაშლისგან გადასარჩენად, 2021 წლის იანვარში კი ისევ წავიდა პოლიტიკიდან.
არჩევნები 2024
საპარლამენტო არჩევნები საქართველოში 2024 წელს გაიმართება. დეპუტატებს ახალი სისტემით პირველად აირჩევენ: არჩევნები იქნება მთლიანად პროპორციული და საარჩევნო უბნებზე ელექტრონული კენჭისყრით ჩატარდება. პარტიებისთვის გამსვლელი ბარიერი იქნება 5%.
ბოლო გამოკითხვებით, ბარიერის გადალახვას ორიდან ხუთამდე პარტია შეძლებს. ლიდერობას ინარჩუნებს „ქართული ოცნება“, „ნაცმოძრაობა“ იკავებს მეორე პოზიციას და ყოველ გამოკითხვის დროს სხვაობა ამ პარტიებს შორის იზრდება „ოცნების“ სასარგებლოდ.
პარტია, რომელიც ხმების უმრავლესობას მიიღებს, შეძლებს პრემიერ–მინისტრის წარდგენას, რომელიც მთავრობას ჩამოაყალიბებს. პარტიების რეიტინგებში ლიდერობას „ქართული ოცნება“ და „ნაცმოძრაობა“ ინარჩუნებენ.