თბილისი, 2 იანვარი — Sputnik გადამოწმებული ინფორმაციით, რაჭაში მომხდარ მიწისძვრას არანაირი ნგრევა არ მოჰყოლია, განაცხადა რაჭა-ლეჩხუმ-ქვემო სვანეთის სახელმწიფო რწმუნებულმა, პაპუნა მარგველიძემ.
დღეს დილით ამბროლაურიდან 14 კმ დასავლეთით, სოფელ ბაჯში 4,3 მაგნიტუდის მიწისძვრა მოხდა, ეპიცენტრი 13 კილომეტრის სიღრმეზე მდებარეობდა.
„გადამოწმებული ინფორმაციით, რამე მსხვერპლი და სერიოზული ნგრევა არ გამოუწვევია ამ მიწისძვრას, თუმცა ახლა მიმდინარეობს ინფორმაციის მოძიება, მუნიციპალიტეტების მხრიდან ხდება გადამოწმება სოფლებში“, - განაცხადა მარგველიძემ „პირველი არხის“ ეთერში.
გუბერნატორის თქმით, სოფელ ჟოშხაში დაზიანდა ერთი სახლი, რომელიც ადრე მეწყერის შედეგად დაზიანდა, თუმცა ამ სახლის მფლობელს უკვე კომპენსაცია აქვს მიღებული და შეძენილი აქვს სხვა საცხოვრებელი სახლი.
საქართველო – საშუალო სეისმური აქტიურობის ქვეყანაა. საქართველოში დაფიქსირებული ყველაზე ძლიერი – 7-ბალიანი მაგნიტუდის მიწისძვრა 1991 წელს რაჭისა და იმერეთის რეგიონებში მოხდა. ამ მიწისძვრის შედეგად 200-მდე ადამიანი დაიღუპა, დაინგრა თითქმის 46 ათასი სახლი და ათასი სამრეწველო ობიექტი.
2022 წლის თებერვალში საქართველოში ბოლო დროის ყველაზე ძლიერი – 6,2 მაგნიტუდის მიწისძვრა მოხდა.