იაპონიაში მიწისძვრების შედეგად დაღუპულთა რაოდენობა 48-მდე გაიზარდა

ისიკავის პრეფექტურაში ორშაბათს მძლავრი მიწისძვრა მოხდა, დაფიქსირდა 35-ზე მეტი აფტერშოკი
Sputnik
თბილისი, 2 იანვარი – Sputnik. იაპონიაში, ისიკავის პრეფექტურაში ძლიერი მიწისძვრების სერიის შედეგად დაღუპულთა რიცხვი 48-მდე გაიზარდა, იუწყება „რია ნოვოსტი“ სააგენტო Kyodo News-ზე დაყრდნობით.
დაღუპულთა ყველაზე დიდი რაოდენობა ქალაქ სუძუსა და ვაძიმაში დაფიქსირდა - აქ მიწისძვრების შედეგად, შესაბამისად, 20 და 19 ადამიანი დაიღუპა.
მანამდე ვრცელდებოდა ინფორმაცია 30 გარდაცვალების შესახებ. ათობით ადამიანი დაშავებულია.
მძლავრი მიწისძვრები იაპონიაში: საქართველოს საელჩოში „ცხელი ხაზი“ მუშაობს >>
მიწისძვრის შედეგად დაინგრა სახლები, გაჩერდა ჩქაროსნული მატარებლების მოძრაობა, 32 ათასზე მეტ სახლს შეუწყდა ელექტრომომარაგება. ზოგიერთ რაიონში შეწყდა წყალმომარაგება და არ არის ინტერნეტი. დაფიქსირდა გზის საფარის დაზიანება. ატომური ელექტროსადგურის მუშაობაში ხარვეზები არ დაფიქსირებულა. ჩქაროსნული მატარებლის მოძრაობა თითქმის ერთი დღის შემდეგ ყველა მიმართულებით აღდგა.
ადამიანები შესაძლოა ნანგრევების ქვეშაც იყონ. მხოლოდ ქალაქ ვაძივაში ცნობილია ნგრევის 14 შემთხვევა, სადაც შესაძლოა ადამიანები იყონ. გარდა ამისა, ქალაქში 200-ზე მეტი სახლი ნაწილობრივ ან მთლიანად დაიწვა.
2024 წლის 1 იანვრის მიწისძვრა ნოტოს ნახევარკუნძულის რეგიონისთვის ყველაზე ძლიერი იყო (ყველაზე მძლავრი ბიძგი 7,5 მაგნიტუდის იყო) 1885 წლის შემდეგ, ანუ იმ დროიდან, როდესაც ასეთი სტატისტიკის ათვლა დაიწყო.