თბილისი, 1–ელი იანვარი – Sputnik. თბილისში 3,5 ტონაზე მეტი წონის სატვირთო ავტომობილების გადაადგილების წესის დარღვევისთვის ჯარიმა 2024 წლის 1–ელი იანვრიდან 10–ჯერ გაიზარდა და 1 ათასი ლარი შეადგინა.
თბილისში საერთო სარგებლობის საავტომობილო გზებზე დიდი გაბარიტების მქონე სატრანსპორტო საშუალებების მოძრაობა აიკრძალება 08:00-11:00 საათამდე და 17:00-20:00 საათამდე პერიოდში.
სიახლის თანახმად, დიდი გაბარიტების მქონე ტრანსპორტის მუნიციპალიტეტის მიერ განსაზღვრული ადგილის ან დროის დარღვევით მოძრაობა პირველივე შემთხვევაში გამოიწვევს პირის დაჯარიმებას 1 ათასი ლარის ოდენობით ნაცვლად 100 ლარისა, ხოლო განმეორების და ყოველ შემდეგ შემთხვევაში - 3 ათასი ლარის ოდენობით.
გარდა ამისა, ამავე ოდენობით გაზრდილი ჯარიმა დაეკისრება პირს, რომელიც დიდი გაბარიტების სატრანსპორტო საშუალების გამოყენებით ეკონომიკურ საქმიანობას ახორციელებს.
აღნიშნული შეზღუდვა არ გავრცელდება საჯარო დაწესებულების სატრანსპორტო საშუალებებზე, რომლებიც ამ დაწესებულების საქმიანობის მიზნებისთვის გადაადგილდებიან;იმ სატრანსპორტო საშუალებებზე, რომლებზეც ლურჯი და წითელი მოელვარე სპეციალური ციმციმა სიგნალის გამოყენების უფლება აქვთ.
ასევე მუნიციპალიტეტის ადმინისტრაციულ საზღვრებში რეგულარული სამგზავრო გადაყვანის განმახორციელებელ M3 კატეგორიის სატრანსპორტო საშუალებებზე, აგრეთვე იმ M3 კატეგორიის სატრანსპორტო საშუალებებზე, რომლებსაც გადაჰყავთ ადრეული და სკოლამდელი აღზრდისა და განათლების, ზოგადსაგანმანათლებლო, უმაღლესი საგანმანათლებლო და პროფესიული საგანმანათლებლო დაწესებულებების დასაქმებულები, მოსწავლეები, სტუდენტები ან აღსაზრდელები.
ჯარიმები არ შეეხება ასევე იმ სატრანსპორტო საშუალებებს, რომლებზეც თბილისის საკრებულოს მიერ დადგენილი წესითა და მის მიერვე განსაზღვრული სტრუქტურული ერთეულის ან მუნიციპალიტეტის მიერ დაფუძნებული იურიდიული პირის მიერ გაიცემა თანხმობა.