თბილისი, 1–ლი იანვარი – Sputnik. საქართველოს ბიუჯეტს სახელმწიფო ქონების პრივატიზაციამ 279,5 მილიონი ლარი მოუტანა, განაცხადა ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების მინისტრის მოადგილე ნინო ენუქიძემ.
ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების სამინისტროს პროექტი „100 საინვესტიციო შეთავაზება ბიზნესს“ 2019 წელს ამოქმედდა, რომელიც ითვალისწინებს 100 პარალელური აუქციონის ჩატარებას და სახელმწიფო ქონების პრივატიზაციას გამარტივებული პროცედურით.
„მთავრობის სწორი ეკონომიკური პოლიტიკის შედეგად, 2023 წელს პრივატიზებიდან სახელმწიფო ბიუჯეტმა 279 მლნ ლარზე მეტი შემოსავალი მიიღო. სახელმწიფო ქონების ეროვნულმა სააგენტომ 2023 წლის პრივატიზაციის გეგმა 100,2%-ით შეასრულა“, – განაცხადა ენუქიძემ.
მისი ინფორმაციით, 2023 წლის მეოთხე კვარტალში სახელმწიფო ბიუჯეტში ჩაირიცხა 98,3 მლნ ლარი, რაც ოქტომბერ–დეკემბრის გეგმის 126,02 პროცენტს შეადგენს.
სახელმწიფო ქონების სააგენტომ გამართა 2.925 აუქციონი, ხოლო პრივატიზებული სახელმწიფო აქტივებიდან მოსალოდნელი ინვესტიციის ჯამურმა ოდენობამ 100 მლნ ლარი შეადგინა
„არსებული შედეგი იმას ნიშნავს, რომ სახელმწიფო ქონების მნიშვნელოვანი ნაწილი უკვე ჩაეშვა ეკონომიკურ ბრუნვაში“, – განაცხადა ენუქიძემ.
მისი თქმით, სახელმწიფო ქონების სააგენტო 2024 წელსაც აქტიურად გააგრძელებს სახელმწიფო ქონების დაჩქარებული პრივატიზაციის პროცესს და კერძო სექტორისთვის სხვადასხვა მიმზიდველი უძრავი ქონების შეთავაზებას ინვესტიციებისთვის.
საპრივატიზაციოქონების სიაში შესულია თბილისსა და ქვეყნის სხვადასხვა რეგიონში არსებული უძრავი ქონება, რომელიც სახელმწიფოს კუთვნილებაა. მათ შორისაა სამრეწველო ობიექტები, სამედიცინო დაწესებულებები, სპორტული ინფრასტრქუტურა, სასტუმროები და ა.შ.
საქართველოს ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების სამინისტროში ფიქრობენ, რომ პრივატიზაციის პროცესი ხელს შეუწყობს დამატებით ინვესტიციების მოზიდვას და სტიმულს მისცემს ეკონომიკის განვითარებას.