თბილისი, 30 დეკემბერი – Sputnik. ოპოზიციური ტელეკომპანია „მთავარი არხის" დამფუძნებელმა და ყოფილმა გენერალურმა დირექტორმა ნიკა გვარამიამ განაცხადა, რომ ახალი პოლიტიკური პლატფორმის შექმნაზე მოლაპარაკებებს უმსხვილესი ოპოზიციური პარტიის „ერთიანი ნაციონალური მოძრაობის" ყოფილ თავმჯდომარე ნიკა მელიასთან ერთად აწარმოებს, ისევე როგორც პარტიებთან „გირჩი - მეტი თავისუფლება“ და „დროა“ და ორ თვეში „ბევრი სიახლე“ დააანონსა.
2024 წლის შემოდგომაზე საქართველოში საპარლამენტო არჩევნები ჩატარდება. ამ არჩევნებზეა დამოკიდებული, ვინ მართავს ქვეყანას მომდევნო ოთხი წლის განმავლობაში. 2012 წლიდან ხელისუფლება მილიარდერ ბიძინა ივანიშვილის მიერ დაარსებული პოლიტიკური ძალის ხელშია - თავიდან ეს იყო კოალიცია „ქართული ოცნება“, ხოლო 2016 წლიდან, როცა კოალიცია დაიშალა, ყველა არჩევნებს იგებდა ერთი პარტია – „ქართული ოცნება – დემოკრატიული საქართველო“.
„ეს არის „გირჩი“, „დროა“, ეს არის ნიკა მელია, ჩვენ გვაქვს კომუნიკაცია ერთმანეთთან, გადაწყვეტილებები იქნება, მაგრამ თებერვალში ჩვენ დავიწყებთ, ვინც შევთანხმდებით იმაზე, რომ ერთმანეთის გვესმის, ერთი და იგივე მიზნები გვაქვს... დარწმუნებული ვარ, რომ თებერვალში ბევრი სიახლე იქნება ამ მიმართულებით“, - განაცხადა გვარამიამ „ტვ პირველის“ ეთერში.
მისი თქმით, მსგავსი გაერთიანების დრო დადგა.
ასეთ ბრძოლაში მნიშვნელოვანია მართებული, ღირებულებითი ერთობა, თავის მხრივ დაწერა სოციალურ ქსელში ნიკა მელიამ.
„ვიყავი ვარ და ვიქნები ერთობის მომხრე, პატივს ვცემ ნებისმიერ ადამიანს, ვისაც ერთობის სურვილი არა მხოლოდ გამოუთქვამს, არამედ დაუმტკიცებია საქმითა და ქმედებით... თუმცა მხოლოდ ხალხის ინტერესის კარნახით, მათი დაკვეთით შექმნილი ერთობა, შეიძლება იყოს ცვლილებისა და გამარჯვების მომტანი", - დაწერა მელიამ.
ოპოზიციური პარტია „ლელოს“ თავმჯდომარემ მამუკა ხაზარაძემ ნიკა მელიასთან სტრატეგიული პარტნიორობის შესახებ განზრახვა ჯერ კიდევ სამშაბათს დაადასტურა. ამასთან, ხაზარაძემ ცოტა ხნის წინ საკუთარ პარტიას 2024 წლის საპარლამენტო არჩევნებზე მმართველი პარტია „ქართული ოცნება - დემოკრატიული საქართველოს“ და „ნაციონალური მოძრაობის“ რეალური ალტერნატივა უწოდა.
„ქართული ოცნების“ ლიდერები ყველა ზემოთ ჩამოთვლილ პარტიას და პოლიტიკოსს უწოდებენ კოლექტიურ „ნაციონალურ მოძრაობას“ და „რადიკალურ ოპოზიციას“, რომელიც საქართველოსა და ხალხის ინტერესების საწინააღმდეგოდ ცდილობს სიტუაციის არევას, რევოლუციის მოწყობას და ხელისუფლების შეცვლის შემთხვევაში ქვეყნის ომში ჩათრევას.