თბილისი, 28 დეკემბერი - Sputnik. სტიქიამ კახეთის რამდენიმე მუნიციპალიტეტში პრობლემები შექმნა, იუწყება ტელეკომპანია „იმედი“.
ლაგოდეხის დამაკავშირებელ გზაზე ძლიერმა ქარმა მრავალწლიანი ხეები მოგლიჯა, რის გამოც ამ წუთებში უღელტეხილი დაკეტილია. მოძრაობა შეზღუდულია ლაგოდეხი-ყვარლისა და ლაგოდეხი-გურჯაანის მიმართულებით.
ასევე დედოფლისწყაროს მუნიციპალიტეტის სოფელ გამარჯვებაში ცენტრალურ გზაზე ძლიერი ქარის გამო წაქცეულია ხეები და სამანქანე მოძრაობა შეზღუდულია ორივე მიმართულებაზე.
უამინდობის შედეგად დაზარალდა თელავის მუნიციპალიტეტიც. ქარმა სოფელ ვარდისუბანში კულტურის სახლს სახურავის ნაწილი გადახადა, სადაც დროებით საბავშვო-ბაღი ფუნქციონირებს. საახალწლო ნაძვის ხეები წაქცეულია თელავში, სოფელ წინანდალსა და გურჯაანის ცენტრში.
ძლიერმა ქარმა და უამინდობამ რეგიონის მასშტაბით დააზიანა ელექტროგადამცემი ხაზები და მოსახლეობის ნაწილს ელექტროენერგია არ მიეწოდება.