„ქართულ ოცნებას“ ოპოზიციასთან თანამშრომლობის იმედი არ აქვს

ოპოზიციის ნაწილმა ფარატინა ქაღალდი უწოდა რეკომენდაციების შესასრულებლად შემუშავებული სამოქმედო გეგმა, რომელშიც მითითებულია ვადები და კონკრეტული პასუხისმგებელი უწყებები.
Sputnik
თბილისი, 26 დეკემბერი – Sputnik. მმართველ პარტია „ქართული ოცნება - დემოკრატიული საქართველოს“ იმედი არ აქვს, რომ ოპოზიციის წარმომადგენლები აქტიურ მონაწილეობას მიიღებენ და ითანამშრომლებენ ევროკომისიის რეკომენდაციების შესასრულებლად სამოქმედო გეგმის განხორციელებაში.
ოპოზიციის ნაწილმა ფარატინა ქაღალდი უწოდა რეკომენდაციების შესასრულებლად შემუშავებული სამოქმედო გეგმა, რომელშიც მითითებულია ვადები და კონკრეტული პასუხისმგებელი უწყებები. ევროინტეგრაციის საკითხებზე მომუშავე სამთავრობო კომისიამ 27 ნოემბერს დაამტკიცა დოკუმენტი და ევროკომისიას გაუგზავნა. ოპოზიცია დოკუმენტის გამოქვეყნებას მოითხოვდა.
„არ ვისურვებდი ოპოზიციის ადგილზე ყოფნას, რადგან ძალიან ძნელია ამ სამოქმედო გეგმასთან დაკავშირებით კრიტიკული შენიშვნის გამოთქმა“, - განუცხადა ჟურნალისტებს „ქართული ოცნების“ დეპუტატმა მიხეილ სარჯველაძემ.
მისი თქმით, მმართველი გუნდი ინკლუზიურ პროცესზე პასუხისმგებლობას ვერ აიღებს, მაგრამ შეუძლია შესაძლებლობა შექმნას იმისთვის, რომ პროცესი ინკლუზიური იყოს.
„იმ ფონზე, რასაც ვისმენთ ოპოზიციის მხრიდან, იმ ფონზე, როდესაც მათ არავითარი ინტერესი არ გამოუვლენიათ იგივე სამოქმედო გეგმის განხილვასთან დაკავშირებით, ეს მაფიქრებინებს, რომ ინკლუზიური და აქტიური არ იქნება ეს პროცესი“, - აღნიშნა სარჯველაძემ.
ხელისუფლების მიერ გამოქვეყნებული დოკუმენტი არაფრისმთქმელი ფურცელია, განაცხადა საქართველოში ყველაზე დიდი ოპოზიციური პარტიის, „ერთიანი ნაციონალური მოძრაობის“ დეპუტატმა თინა ბოკუჩავამ. მისი თქმით, ეს მხოლოდ სამოქმედო გეგმაა იმის შესახებ, თუ როგორ შეიქმნება სამოქმედო გეგმები სხვადასხვა მიმართულებით.
საქართველოს მთავრობამ ევროკავშირის რეკომენდაციების შესრულების გეგმა გამოაქვეყნა >>
„ეს არის არაფრისმთქმელი ფარატინა ქაღალდი, რომელიც ცხადყოფს, რომ ხელისუფლებას არანაირი ნება და პოლიტიკური გეგმა რეფორმების განსახორციელებლად არ გააჩნია... მთავრობის ე.წ. სამოქმედო გეგმაც დეზინფორმაციის ინსტრუმენტია, რომლითაც ხალხის მოტყუებას ცდილობენ, თითქოს „ქართული ოცნება“ ევროკომისიის რეკომენდაციების შესასრულებლად რაიმეს აკეთებს ან მომდევნო თვეებში გააკეთებს“, - განაცხადა ბოკუჩავამ.
დოკუმენტი იმდენად უშინაარსო და არაფრის მომცემია, რომ ნათლად აჩვენებს, რომ „ქართულ ოცნებას“ არ სურს ევროკავშირში სრულუფლებიანი გაწევრიანება, განაცხადა ოპოზიციური პარტია „სტრატეგია აღმაშენებლის“ ლიდერმა გიორგი ვაშაძემ.
„ჩვენ ამ დოკუმენტით ვერ ვხედავთ ნებას, რომ მეორე მხარეს უნდა ევროკავშირში გაწევრიანება. ჩვენს პოზიციაზე მსჯელობა გვექნება და საბოლოო გადაწყვეტილებას დავაფიქსირებთ. სამწუხარო ფაქტია, რომ „ქართული ოცნება“ აგრძელებს თავის დაწყებულ საბოტაჟს ევროინტეგრაციაზე. მათ არ უნდათ ევროკავშირი და ეს უშინაარსო დოკუმენტი სწორედ აღნიშნულზე მიუთითებს“, - აღნიშნა ვაშაძემ.
გამოქვეყნებული დოკუმენტით უკმაყოფილოა ასევე ოპოზიციონერი დეპუტატი რომან გოცირიძეც.
„ქართულ ოცნებას“ ევროკავშირის რეკომენდაციების შესრულების ძალიან დაბალი სტანდარტი აქვს“, - განაცხადა გოცირიძემ და დასძინა, რომ დოკუმენტით ყველაფერი ელემენტარული რაღაცების შესრულებამდეა დაყვანილი.
ექს-პრემიერ გიორგი გახარიას პარტიის „საქართველოსთვის“ ოპოზიციონერი დეპუტატი ანა ბუჩუკური დარწმუნებულია, რომ ოპოზიციამ, რომელიც არ მონაწილეობდა სამუშაო პროცესებში, შეცდომა დაუშვა.
„არ ვიცი, ისინი იმავე შეცდომის დაშვებას აპირებენ თუ არა, მაგრამ გაორმაგებული მოტივაციით მიიღებს ჩვენი გუნდი სამუშაო ფორმატებში მონაწილეობას“, - აღნიშნა ბუჩუკურმა.
საქართველო დემოკრატიული განვითარების მხრივ მსოფლიოს საუკეთესო ათეულში შედის – პრემიერი>>
ოპოზიციონერი დეპუტატი თეონა აქუბარდია რეკომენდაციების რეალიზაციის პროცესში ასევე აპირებს მმართველ გუნდთან თანამშრომლობას.
„გეგმა არ არის იმედის მომცემი. გეგმიდან მცირედი ჩამონათვალი სამუშაო ჯგუფების შექმნასთან დაკავშირებით, რომელიც შეიქმნება პარლამენტში, ჩემი მიმართულებით, ვაპირებ მუშაობას "ქართულ ოცნებასთან", არა იმიტომ, რომ "ქართული ოცნების" მჯერა, არამედ იმიტომ, რომ ეს არის ჩვენი ვალდებულება. ამ პროცესში უნდა ვაჩვენოთ განსხვავება და შედეგის კუთხით ალტერნატივა, რომელიც აუცილებელია ამ ცხრა რეკომენდაციის შესასრულებლად“, - განაცხადა თეონა აქუბარდიამ.
საქართველოსა და ევროკავშირის ურთიერთობები
საქართველოსა და ევროკავშირის ურთიერთობები 2006 წლიდან განვითარდა. განსაკუთრებით მჭიდრო ეს ურთიერთობები 2009 წელს გახდა, როდესაც საქართველო „აღმოსავლეთ პარტნიორობის" პროგრამის მონაწილე გახდა.
პროგრამის ფარგლებში 2014 წლის ივნისში საქართველომ და ევროკავშირმა ხელი მოაწერეს ასოცირების შეთანხმებას, რომლის განუყოფელი ნაწილია შეთანხმება ღრმა და ყოვლისმომცველი თავისუფალი ვაჭრობის ზონის შესახებ.
დარჩიაშვილი: კანდიდატის სტატუსის მოპოვების გზაზე საქართველო ქვეყნის ინტერესებს იცავდა>>
2017 წლის 28 მარტიდან ევროკავშირმა საქართველოს მოქალაქეებისთვის შენგენის ზონის ქვეყნებში მოკლევადიან ვიზიტებზე ვიზები გააუქმა.
2022 წლის 3 მარტს კი საქართველომ კანდიდატის სტატუსის მისაღებად ევროკავშირში განაცხადი შეიტანა.
2022 წლის ივნისში ევროპულმა საბჭომ მიიღო გადაწყვეტილება, აღიაროს საქართველოს ევროპული პერსპექტივა და გამოთქვა მზადყოფნა, მიანიჭოს მას კანდიდატი ქვეყნის სტატუსი, როგორც კი შესრულდება 12 პირობა. იმავე დღეს კანდიდატის სტატუსი მოლდოვამ და უკრაინამ მიიღეს.
საქართველოს ხელისუფლებამ განაცხადა, რომ 2022 წელს საქართველოსთვის სტატუსის მინიჭებაზე უარი უსამართლო გადაწყვეტილება იყო და რომ საქართველო, ყველა კრიტერიუმით, ჯერ კიდევ მაშინ უსწრებდა უკრაინას და მოლდოვას.
ევროპულმა საბჭომ საქართველოს ევროკავშირის წევრობის კანდიდატის სტატუსი 14 დეკემბერს მიანიჭა - გადაწყვეტილებას ევროკავშირის 27-ვე ქვეყნის ლიდერმა დაუჭირა მხარი.