საქართველოში ავტომობილების იმპორტზე ახალი შეზღუდვები წესდება

შეზღუდვები, ძირითადად, 2013 წლამდე გამოშვებულ ავტომობილებზე გავრცელდება
Sputnik
თბილისი, 25 დეკემბერი — Sputnik. 2024 წლის 1-ლი იანვრიდან საქართველო ევრო-5-ის სტანდარტზე გადადის, რაც მსუბუქი ავტომობილების იმპორტისთვის შეზღუდვებს ნიშნავს.
ევრო-5 ეკოლოგიური სტანდარტია, რომელიც ავტომობილების გამონაბოლქვში მავნე ნივთიერებების შემცველობას არეგულირებს.
აღნიშნულ სტანდარტზე გადასვლა ნიშნავს, რომ 2024 წლის 1-ლი იანვრიდან საქართველოში აიკრძალება 2013 წლამდე გამოშვებული ავტომობილების იმპორტი.
ამასთან, საქართველოში ბენზინისა და დიზელის იმპორტზე რამდენიმე წელია დადგენილია „ევრო 5"-ის სტანდარტი.
საქართველო 2013 წლამდე გამოშვებული ავტომობილების იმპორტს შეზღუდავს>>>
გადაწყვეტილება არ შეეხება როგორც საქართველოში უკვე მყოფ ავტომობილებს, ასევე იმ მანქანებს, რომლებიც ქვეყანაში რეექსპორტისა და ტრანზიტის მიზნით შემოდის.
საქართველოს შსს-ს ცნობით, ქვეყანაში დარეგისტრირებული მსუბუქი ავტომობილების 62,7%-ზე მეტი 20-ზე მეტი წლისაა.
საქართველოში 639,7 ათასი მსუბუქი ავტომობილიდან 20 წელზე ნაკლების მხოლოდ 239,1 ათასი მანქანაა. ამასთან, 44,8% – 15 და მეტი წლის წინაა გამოშვებული.
სულ საქართველოში დარეგისტრირებულია მხოლოდ 59,4 ათასი ავტომობილი, რომელთა გამოშვებიდან 10 წელი არ გასულა. ეს ქვეყანაში მოძრავი ავტომობილების სრული რაოდენობის 9,2%-ია.