თბილისი, 25 დეკემბერი – Sputnik. გურიის რეგიონში, ჩოხატაურისა და ოზურგეთის მუნიციპალიტეტების ტერიტორიაზე ახალი დაცული ტერიტორია, გურიის ეროვნული პარკი შეიქმნება, რომელიც 15 310 ჰა ფართობს მოიცავს, განაცხადა გარემოს დაცვისა და სოფლის მეურნეობის მინისტრმა ოთარ შამუგიამ.
მისი თქმით, გურიაში ეროვნული პარკის შექმნა მნიშვნელოვანია ერთი მხრივ, ადგილობრივი ბუნების, ბიომრავალფეროვნების დაცვის კუთხით და ასევე მნიშვნელოვანია ადგილობრივი მოსახლეობის სოციალურ-ეკონომიკური პირობების გაუმჯობესებისთვის, ეკოტურისტული მიმართულებით სხვადასხვა საქმიანობაში ჩართვის კუთხით.
„წარმოდგენილი კანონპროექტის მიხედვით, გურიაში დაარსდება ეროვნული პარკი, დაახლოებით 15.000 ჰექტარ ფართობზე. ამ ფართობის დიდი ნაწილი მოიცავს ჩოხატაურის მუნიციპალიტეტს დაახლოებით 13.000 ჰექტარი, ხოლო დაახლოებით 2.000 ჰექტარი ოზურგეთის მუნიციპალიტეტს“, - აღნიშნა ოთარ შამუგიამ მთავრობის სხდომის შემდეგ.
მისი თქმით, აქტიური მუშაობა ჩატარდა ადგილობრივ მოსახლეობასთან, ჩატარდა საჯარო განხილვები ადგილობრივ მუნიციპალიტეტებთან.
მინისტრის თქმით, დაცული ტერიტორიების განვითარება არის მთავრობის ერთ-ერთი პრიორიტეტული მიმართულება.
„ბოლო 10 წლის განმავლობაში დაცული ტერიტორიების ფართობი ორჯერ გავზარდეთ. მნიშვნელოვანია, რომ ამ პროცესს მივყვებით. მიმდინარეობს კვლევები სხვა რეგიონებში დაცული ტერიტორიების შექმნასთან მიმართებაში“, - განაცხადა შამუგიამ.
გურიაში ეროვნული პარკის დაარსებაზე საუბარი 2021 წლიდან მიმდინარეობს. მაშინ სოფლის მეურნეობის სამინისტროში განაცხადეს, რომ გურიის ეროვნული პარკის დაარსების პროექტს გარემოს დაცვისა და სოფლის მეურნეობის სამინისტრო, დაცული ტერიტორიების სააგენტო და ბუნების დაცვის მსოფლიო ფონდი (WWF) ახორციელებენ შვედეთის საელჩოს ფინანსური მხარდაჭერითა და ადგილობრივი ხელისუფლების აქტიური ჩართულობით.
პროექტის საერთო ღირებულება 520 ათასზე მეტ ევროს შეადგენს და მისი დასრულება 2023 წლისთვის იყო დაგეგმილი.
ეროვნული პარკის გეგმარებითი ტერიტორია დაახლოებით 30 ათას ჰექტარს მოიცავს.
აღინიშნება, რომ ახალი პროექტი მიზნად ისახავს გურიის ტყის ლანდშაფტებში არსებული პრობლემების გადაჭრას, კერძოდ, ადამიანის ზემოქმედებით მიღებული ზიანის შეჩერებას, ბიომრავალფეროვნების დაცვასა და ეკოსისტემის შენარჩუნებას. ამასთან პროექტის მიზანია ტყეში მობინადრე ძუძუმწოვრების – კავკასიური ირემის, მურა დათვის, ფოცხვერისა და სხვა ცხოველების პოპულაციების გაზრდა.