თბილისი, 24 დეკემბერი — Sputnik. საქართველოს პენიტენციურ დაწესებულებებში, 2023 წლის 1 ნოემბრის მონაცემებით, 9.866 პატიმარი იმყოფებოდა, აქედან 334 ქალია, ნათქვამია სტატისტიკის ეროვნული სამსახურის „საქსტატის“ მასალებში.
პატიმართა საერთო რაოდენობამ მოსახლეობის 0,26% შეადგინა. საერთო რაოდენობიდან დაახლოებით 3,8 ათასი ადამიანი პატიმრობას მეორე და უფრო მეტი ვადით იხდის. აქედან 49 ქალი და 10 არასრულწლოვანია.
1 ოქტომბრის მდგომარეობით, საქართველოში არსებული 13 საპატიმრო ადგილი 84,6%-ით იყო შევსებული. 2023 წლის 1 ოქტომბრისთვის განაჩენს ელოდებოდა პატიმრების 18,4%.
მსჯავრდებულთა ძირითად ნაწილს 31-49 წლის პირები შეადგენენ. საქართველოს ციხეებში სასჯელს იხდის ასევე 27 არასრულწლოვანი და 70 წელზე მეტი ასაკის 66 პირი. მსჯავრდებულთა ყველაზე დიდი რაოდენობა ქსნის №15 და გლდანის №17 დაწესებულებაში იმყოფება.
განაჩენს ელოდება 1,8 ათასზე მეტი პატიმარი - მათი უმრავლესობა 31-დან 49 წლამდე ასაკისაა. განაჩენს ელოდება ასევე 25 არასრულწლოვანი და 70 წელზე მეტი ასაკის 9 პირი.
მსჯავრდებულთა დიდი ნაწილი სასჯელს იხდის ეკონომიკური დანაშაულისთვის და ადამიანის წინააღმდეგ ჩადენილი დანაშაულისთვის – მკვლელობისა და ჯანმრთელობისთვის ზიანის მიყენებისთვის.
ქვეყანაში განსაკუთრებით მაღალი რისკის 172 პატიმარია და ისინი შესაბამის საპატიმროში იმყოფებიან. დანარჩენი მსჯავრდებულები სასჯელს დახურულ და ნახევრად ღია ტიპის პენიტენციურ დაწესებულებებში იხდიან.
უცხოელები საქართველოს ციხეებში
2023 წლის 1 ნოემბრისთვის საქართველოს ციხეებში მოთავსებული იყო 51 ქვეყნის 765 მოქალაქე, რაც მსჯავრდებულთა მთლიანი რაოდენობის 7,6%-ს შეადგენს.
უცხოელ მსჯავრდებულთა ძირითადი ნაწილი მამაკაცია, თუმცა ქართულ საპატიმროებში უცხო ქვეყნის მოქალაქე 1 არასრულწლოვანი და 72 ქალი იმყოფება. საქართველოში უცხოელთა მესამედი, რომლებიც ბრალდებული არიან ან სასჯელს იხდიან, თურქეთის მოქალაქეა, შემდეგ მოდიან რუსეთის, აზერბაიჯანის, უკრაინის და სომხეთის მოქალაქეები.
ასევე საქართველოს ციხეებში სასჯელს იხდიან იტალიის, საფრანგეთის, გერმანიის, ისრაელისა და სხვა ქვეყნების მოქალაქეები.
პატიმართა სიკვდილიანობა
საქართველოს ციხეებში 2023 წლის დასაწყისიდან სხვადასხვა დაავადების და სუიციდის შედეგად 13 პატიმარი გარდაიცვალა.
ერთის გარდაცვალების მიზეზი ჰიპერტონიული კრიზი და ინსულტი გახდა, ოთხის - სუნთქვის მწვავე უკმარისობა, კომა და გულის გაჩერება, ორის - სეფსისი და თირკმლის დაავადება, ერთის - ტვინის ინფარქტი ცერებროვასკულარული დაავადების ფონზე, ერთის - ტკივილი მკერდის არეში, ორის - სუიციდი. ორი პატიმრის შემთხვევაში გარდაცვალების მიზეზი დაუდგენელია.
პირობითი მსჯავრის ქვეშ მყოფები
ციხეებში მყოფების გარდა, 30 ათასი მსჯავრდებული პირობით სასჯელს იხდის. მათი ძირითადი ნაწილი მამაკაცია. გარდა ამისა, პირობით სასჯელს იხდის 1,2 ათასი ქალი და 106 არასრულწლოვანი.
ასევე პირობით სასჯელს იხდის 421 უცხოელი 31 ქვეყნიდან, მათ შორის არიან რუსეთის, თურქეთის, აზერბაიჯანის, სომხეთის, უზბეკეთის, ისრაელის, ინდოეთისა და დიდი ბრიტანეთის მოქალაქეები. მათგან 32 ქალი და 4 არასრულწლოვანია.