დავითაშვილი: ახალ შეთანხმებას შუა დერეფნის განვითარების საკითხზე 2024 წელს გავაფორმებთ

დღეს „შუა დერეფანი“ არის ყველაზე მიმზიდველი და საიმედო სატრანსპორტო დამაკავშირებელი ევროპასა და აზიას შორის, განაცხადა ვიცე-პრემიერმა
Sputnik
თბილისი, 24 დეკემბერი – Sputnik. 2024 წელს საქართველო გააფორმებს მნიშვნელოვან შეთანხმებას „შუა დერეფანზე“, რომელიც განსაზღვრავს ქვეყნების როლს და ქვეყანას ინვესტიციებს მოუტანს, განაცხადა ვიცე-პრემიერმა, ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების მინისტრმა ლევან დავითაშვილმა.
ტრანსკასპიური საერთაშორისო სატრანსპორტო მარშრუტი 2014 წლის თებერვალში შეიქმნა აზერბაიჯანის, ყაზახეთისა და საქართველოს საზღვაო და სარკინიგზო გადაზიდვების სფეროში წამყვანი საწარმოების მონაწილეობით.
„გასულ კვირასაც გვყავდა დელეგაცია, სადაც ვიმუშავეთ უკვე შეთანხმების პროექტზე და მომავალი წლის დასაწყისში ჩვენ გვექნება მნიშვნელოვანი შეთანხმება, რომელიც ამ დერეფნის განვითარებაში ქვეყნების კონკრეტულ როლებს განსაზღვრავს. ეს, რა თქმა უნდა, მოიტანს კონკრეტულ შედეგებს კონკრეტული ინვესტიციების კუთხით“, – განაცხადა ლევან დავითაშვილმა.
მისი თქმით, 2023 წელს ჩინეთმა თავის ყველაზე მნიშვნელოვან საერთაშორისო პლატფორმაზე, „ერთი გზა – ერთი სარტყელის“ ფორუმზე განაცხადა, რომ მათთვის პირველი პრიორიტეტი არის შუა დერეფნის განვითარება, და სწორედ ამიტომ დაიწყო შეთანხმების მომზადება.
„სატრანსპორტო მიმართულებით კოვიდის შემდეგ თითქოს გამოსწორდა და აღდგა მიწოდების ჯაჭვები და სატრანსპორტო ნაკადები, თუმცა დავინახეთ, რომ ახალი გამოწვევები გაჩნდა მსოფლიოში. ასე რომ, საქართველო, როგორც ამ დერეფნის კრიტიკული, უმნიშვნელოვანესი ელემენტი და, შეიძლება ითქვას, ერთ-ერთი ლიდერი ქვეყანა, რომელიც ამ დერეფნის განვითარებას ახდენს, არის საინტერესო ჩინეთისთვისაც“, – განაცხადა ლევან დავითაშვილმა.
მისი თქმით, „შუა დერეფანი“ დღეს არის ყველაზე მიმზიდველი და საიმედო სატრანსპორტო დამაკავშირებელი აღმოსავლეთსა და დასავლეთს, ევროპა-აზიას შორის.
შუა დერეფანი
მარშრუტის დერეფანი ამჟამად გადის ჩინეთი–ყაზახეთის საზღვრიდან ევროპაში ყაზახეთის, კასპიის ზღვის, აზერბაიჯანისა და საქართველოს გავლით.
ჩინეთმა პირველად მიანიჭა მნიშვნელობა „შუა დერეფანს“ – ლევან დავითაშვილი >>
2022 წლის ივნისში თურქეთის, აზერბაიჯანისა და ყაზახეთის საგარეო საქმეთა მინისტრებმა გადაწყვიტეს გაზარდონ სამმხრივი და რეგიონული თანამშრომლობა და „შუა დერეფნის" პოტენციალის განვითარება. თურქეთი გამოვიდა ინიციატივით, საქართველო შეუერთდეს დერეფანს, როგორც სატრანზიტო მაგისტრალის ნაწილი.
საქართველოს გავლით სატრანზიტო გზების განვითარება საქართველოს მთავრობის ერთ-ერთი უმნიშვნელოვანესი პრიორიტეტია, რომელიც ამ მიმართულებით სერიოზულ ინვესტიციებს ახორციელებს.
საქართველოს სატრანზიტო როლი განსაკუთრებულ გავლენას ახდენს ეკონომიკის განვითარებაზე – ჩინეთთან, თურქეთთან და ევროკავშირთან არსებული თავისუფალი ვაჭრობის ხელშეკრულებების გათვალისწინებით. საქართველოს როლის გასაძლიერებლად ამჟამად მიმდინარეობს აღმოსავლეთი–დასავლეთის ავტომაგისტრალის ნაწილის მშენებლობის ფართომასშტაბიანი პროექტი, რომელიც აზიასა და ევროპას საქართველოს გავლით აკავშირებს.