თბილისი, 24 დეკემბერი – Sputnik. აჭარის ავტონომიური რესპუბლიკის ბიუჯეტი 2024 წელს 726,6 მილიონი ლარი იქნება.
აჭარის ბიუჯეტის შემოსულობები 649,1 მლნ ლარამდეა დაგეგმილი, ხოლო ასიგნებები - 726,6 მლნ ლარამდე. ამასთან, 2024 წელს ავტონომიის ბიუჯეტის შემოსავლები 556,1 მლნ ლარს შეადგენს, საიდანაც 535 მლნ ლარი საგადასახადო შემოსულობებია.
ავტონომიური რესპუბლიკისთვის მთავარი პრიორიტეტი ტურიზმი იქნება. ხელისუფლება მხოლოდ რეკლამასა და რეგიონის განვითარებაზე 19,9 მილიონი ლარის დახარჯვას აპირებს. ამასთან, ტურისტული პროდუქტების განვითარებისთვის - 7 მლნ ლარის, ტურისტულ მარკეტინგზე ადგილობრივ და საერთაშორისო ბაზარზე - 9,9 მლნ ლარის.
გარდა ამისა, აჭარის მთავრობის პრიორიტეტი იქნება სატრანსპორტო ინფრასტრუქტურის განვითარება, რაზეც 2023 წელს 66,2 მილიონი ლარი დაიხარჯება, ხოლო გარემოს დაცვაზე -დაახლოებით 2 მილიონი ლარი. კიდევ 137 მილიონს ავტონომიაში შემავალი რეგიონები მიიღებენ.
ჯანდაცვასა და სოციალურ დაცვაზე 51,3 მლნ ლარი დაიხარჯება, საიდანაც 24,8 მლნ მოხმარდება მოსახლეობის სამედიცინო მომსახურების დაფინანსებას, ხოლო 5,3 მლნ - ლარი სოციალურ დახმარებას. ხელისუფლება განათლებაზე 80 მილიონი ლარის დახარჯვას გეგმავს, საიდანაც 46,4 მილიონი სკოლების დაფინანსებას მოხმარდება, 9,4 მილიონი კი უნივერსიტეტებს.