თბილისი, 23 დეკემბერი – Sputnik. თბილისში, რუსთაველის გამზირზე, პირველი გიმნაზიის შენობასთან საჯარო სკოლებში მოსწავლეებისთვის უფასო კვების დაწესების მოთხოვნით აქცია-მსვლელობა გაიმართა, იუწყება ტელეკომპანია „ფორმულა“.
UNICEF-ის ბოლო კვლევის მიხედვით, საქართველოს სკოლებში ბავშვების 38% განიცდის სრულ შიმშილს, ხოლო 77% - ნაწილობრივ შიმშილს.
მოძრაობა „ხმა“-ს მიერ ორგანიზებული აქციის მონაწილეები პირველი გიმნაზიიდან განათლების სამინისტროს შენობამდე მსვლელობით მივიდნენ. აქციას სკოლის მოსწავლეები, სტუდენტები, მშობლები, არასამთავრობო ორგანიზაციების წარმომადგენლები და ოპოზიციონერი პოლიტიკოსები შეუერთდნენ.
„სკოლებში ყოველი ათი ბავშვიდან შვიდი ამბობს, რომ ყოველდღე ან კვირაში რამდენჯერმე მშიერია. ჩვენ უკვე ორი წელია ვმუშაობთ უფასო სასკოლო კვებაზე და ამ პროცესში ბევრი სხვადასხვა ჯგუფი შემოგვიერთდა. მიგვაჩნია, რომ 2024 წელს ყველა პირობაა იმისთვის, რომ უფასო სასკოლო კვება დაიწყოს", - განაცხადა აქციის ერთ-ერთმა ორგანიზატორმა.
ორგანიზაციის განცხადებით, სინამდვილეში სამინისტროს უკვე აქვს დეტალური მონაცემთა ბაზა, რომელიც თითოეული საჯარო სკოლის მდგომარეობას აფასებს - ეს ბაზა 2019 წელს შეიქმნა და მის განახლებას 1 თვე ეყოფა. ორგანიზაციაში აღნიშნავენ, რომ ამ ბაზის მიხედვით, საჯარო სკოლების მხოლოდ 22 პროცენტს აქვს მოქმედი ბუფეტი.
მანამდე საქართველოს განათლებისა და მეცნიერების მინისტრმა გიორგი ამილახვარმა განაცხადა, რომ ქართულ სკოლებში კვებასთან დაკავშირებული პრობლემის მოგვარება მხოლოდ სკოლის ინფრასტრუქტურის მოწესრიგების შემდეგ იქნება შესაძლებელი.