„ქურდულ სამყაროსთან“ კავშირისთვის ერთი პირი დააკავეს, ორს კი ბრალი წარედგინა

ბრალის დამტკიცების შემთხვევაში მათ 10 წლამდე პატიმრობა ემუქრებათ.
Sputnik
თბილისი, 23 დეკემბერი – Sputnik. კრიმინალურმა პოლიციამ „ქურდული სამყაროს“ საქმიანობის მხარდაჭერის ბრალდებით 59 წლის მამაკაცი დააკავა, ნათქვამია შსს-ს მიერ გავრცელებულ ინფორმაციაში.
ამავე საქმეზე ბრალი კიდევ ორ ადამიანს წარედგინა. ერთს გამოძიება „ქურდული სამყაროს“ საქმიანობის მხარდაჭერას ედავება და მას ბრალი სასჯელაღსრულების დაწესებულებაში წარუდგინეს, ხოლო მეორეს „ქურდული სამყაროს“ წევრობის ფაქტზე ბრალი დაუსწრებლად წარედგინა. ის ამჟამად საქართველოს ფარგლებს გარეთ იმყოფება და მას ინტერპოლის წითელი ცირკულარით ეძებენ.
როგორც შსს-ს მიერ გავრცელებულ ინფორმაციაშია აღნიშნული, ჩატარებული გამოძიებით რამდენიმე დანაშაულებრივი ეპიზოდი გამოიკვეთა, კერძოდ ბრალდებულები „კანონიერი ქურდების“ და კრიმინალური ავტორიტეტის სახელით უკავშირდებოდნენ სხვადასხვა ბიზნესსაქმიანობაში ჩართულ პირებს და „ქურდული წილის“ სახით სთხოვდნენ თანხის გადახდას. ასევე, დაზარალებულებს, დაშინების მიზნით თვალთვალის შედეგად გადაღებულ ფოტოებს უგზავნიდნენ და დაუმორჩილებლობის შემთხვევაში სიცოცხლის მოსპობით ემუქრებოდნენ.
გამოძიება საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 223-ე პრიმა მუხლის პირველი ნაწილით და 223-ე მე-3 პრიმა მუხლის მეორე ნაწილით მიმდინარეობს. დანაშაულები 10 წლამდე ვადით თავისუფლების აღკვეთას ითვალისწინებს.
წყარო - შსს