დანიამ საქართველოს თავდაცვის ძალებს ავტომობილები და კომპიუტერული აღჭურვილობა გადასცა

პროგრამის ფარგლებში შეძენილია ორი ერთეული მაღალი გამავლობის ავტომობილი (Toyota Land Cruiser) და ცენტრისთვის საჭირო კომპიუტერული ტექნიკა და აპარატურა.
Sputnik
თბილისი, 21 დეკემბერი - Sputnik. საქართველოს თავდაცვის ძალების ნატო-საქართველოს წვრთნებისა და შეფასების ერთობლივ ცენტრს (JTEC) დანიურმა მხარემ მაღალი გამავლობის ავტომობილები და კომპიუტერული აღჭურვილობა გადასცა, ნათქვამია საქართველოს თავდაცვის სამინისტროს მიერ გავრცელებულ განცხადებაში.
უწყების ცნობით, მშვიდობისა და სტაბილიზაციის პროგრამის ფარგლებში, დანიურმა მხარემ საქართველოს 403 ათასი დოლარის ღირებულების ორი მაღალი გამავლობის ავტომობილი (Toyota Land Cruiser), კომპიუტერული ტექნიკა და აპარატურა გადასცა.
„2021 წელი იყო პრეცედენტი, როდესაც მივიღეთ ევროკავშირის დახმარება. ყოველწლიურად გვეზრდება დახმარება გერმანიისგან, დანიისგან და ჩვენ, რა თქმა უნდა, მადლობას ვუხდით მათ გაწეული დახმარებისთვის", - განაცხადა თავდაცვის მინისტრმა ჯუანშერ ბურჭულაძემ ტექნიკის გადაცემის ცერემონიალზე.
როგორც საქართველოში დანიის სამეფოს ელჩმა ანე ტოფტ სორენსენმა განაცხადა, მაღალი გამავლობის ტექნიკა საქართველოს ორმხრივი თანამშრომლობის ახალი, მშვიდობისა და სტაბილიზაციის პროგრამის ფარგლებში გადაეცა.
უწყების ცნობით, ახალი ტექნიკა ნატო-საქართველოს წვრთნებისა და შეფასების ერთობლივ ცენტრს(JTEC) სიმულაციების, კავშირგაბმულობისა და ინფორმაციული სისტემების ახალი ცენტრის აღჭურვას მოხმარდება.