თბილისი, 19 დეკემბერი - Sputnik. მედიკამენტები, რომლებზეც რეფერენტული ფასი ჯერ არ მოქმედებს, აფთიაქებში იმპორტის ფასთან შედარებით 32-ჯერ ძვირად, ზოგ შემთხვევაში 1000%, 2000% და 3000%-იანი ფასნამატით იყიდება, ნათქვამია ჯანდაცვის სამინისტროს მიერ გავრცელებულ განცხადებაში.
სამინისტროს განცხადებით, მედიკამენტებს დიდ ფარმაცევტულ ქსელებში თითქმის იდენტური ფასი აქვს.
უწყების ცნობით, ჯანდაცვის სამინისტროსთვის მიუღებელია წამლების ფასის ხელოვნური ზრდა, რაც აზარალებს მოქალაქეებს.
„მსხვილი ფარმაცევტული კომპანიების მიერ წარმოებული საფასო პოლიტიკა კარტელური გარიგების ნიშნებს შეიცავს. საკითხის შესწავლის მიზნით, ჯანდაცვის სამინისტრო კონკურენციის ეროვნულ სააგენტოს მიმართავს, რომელსაც ყველა საჭირო დოკუმენტს გადასცემს“, - აღნიშნულია განცხადებაში.
სამინისტროს ინფორმაციით, აღნიშნულ მედიკამენტებზე უახლოეს მომავალში რეფერენტული ფასები (ფასის ზედა ზღვარი) დაწესდება, რომელზე მაღალ ფასადაც მათი გაყიდვა აიკრძალება.
საქართველოში გარკვეულ მედიკამენტებზე რეფერენტული ფასების დაწესება 2023 წლის იანვრიდან დაიწყო. წამლების სია მუდმივად ფართოვდება. ამჟამად სიაში 3,2 ათასზე მეტი დასახელებაა.
რეფერენტული ფასები ქრონიკულ, ონკოლოგიურ, ანტიჰიპერტენზიულ, ანტიკოაგულაციურ, ანტიჰისტამინურ, ანთების საწინააღმდეგო, ფსიქოლეფსიურ, კუჭ-ნაწლავის ტრაქტზე მოქმედ, ტკივილგამაყუჩებლებსა და ანტიბიოტიკებზე მოქმედებს.
ჯანდაცვის სამინისტროს ინფორმაციით, წამლების ჩამონათვალი, რომლებზეც ფასის ზედა ზღვარი მოქმედებს, ეტაპობრივად გაფართოვდება და ფარმაცევტულ ბაზარზე აქტიურად მიმოქცევაში არსებულ მედიკამენტებს სრულად მოიცავს.
რეფორმის მთავარი მიზანია წამლების ფასების შემცირება. სიახლის თანახმად, ფარმაცევტული კომპანიები ვალდებული არიან, იხელმძღვანელონ დადგენილი ფასებით. იმ შემთხვევაში, თუ აფთიაქები წამლებს დადგენილ ფასზე ძვირად გაყიდიან, მათ დააჯარიმებენ. ამ რეფორმის შედეგად მედიკამენტების ღირებულება საშუალოდ დაახლოებით 40%-ით შემცირდა.
რეფერენტული ფასების შემთხვევაში სახელმწიფო განსაზღვრავს საშუალო საბითუმო და საცალო ფასებს სააფთიაქო მარკირების გათვალისწინებით, წამლის საბითუმო ღირებულებიდან გამომდინარე. სხვა მედიკამენტებზე ფასებს თავად ფარმაცევტული კომპანიები ადგენენ.
მედიკამენტებზე ხელმისაწვდომობის გაზრდის მიზნით 2022 წელს ფარმაციის მიმართულებით რეფორმები დაიწყო. თავდაპირველად გაიხსნა თურქეთის ბაზარი, რის შედეგადაც მედიკამენტებზე ფასები შემცირდა 60–80%-მდე.
საქართველოში ასევე გაიხსნა წამლის ეროვნული ლაბორატორია, რომელიც ადგილობრივი და იმპორტირებული ფარმაცევტული პროდუქციის ხარისხს შეისწავლის.