თბილისი, 18 დეკემბერი – Sputnik. ანაკლიაში ახალი ღრმაწყლოვანი პორტის პროექტის განსახორციელებლად სახელმწიფოს კერძო პარტნიორის შერჩევის პროცესი უახლოეს თვეებში დასრულდება, რის შემდეგაც პორტის მშენებლობა დაიწყება, განაცხადა საქართველოს პრემიერ-მინისტრმა ირაკლი ღარიბაშვილმა წლის განმავლობაში შესრულებული სამუშაოს ანგარიშის წარდგენისას.
საქართველოს ხელისუფლებამ ანაკლიის პორტის მშენებლობის განახლება გადაწყვიტა პირობით, რომ პორტში სახელმწიფოს წილი 51% იქნება. ანაკლიის პორტის მშენებლობა 2017 წელს დაიწყო, მაგრამ შეჩერდა. 2020 წლის იანვარში ხელისუფლებამ გაწყვიტა კონტრაქტი „ანაკლიის განვითარების კონსორციუმთან" და ინვესტორი ფინანსური ვალდებულებების შეუსრულებლობაში დაადანაშაულა.
„ჩვენ აქტიურად ვმუშაობთ უკვე ანაკლიის პორტის განვითარებაზე, გადავედით მეორე ეტაპზე, შერჩევის პროცესი აქტიურად მიმდინარეობს, ორი კომპანია არის გამოკვეთილი, ორი გიგანტი კომპანია არის გამოკვეთილი, უახლოეს რამდენიმე თვეში დასრულდება შერჩევის პროცესი და ამის შემდეგ გადავალთ უკვე მშენებლობაზე“, - აღნიშნა პრემიერ-მინისტრმა.
მისი თქმით, პორტის მშენებლობა 2024 წელს დაიწყება და ეს პროექტი იქნება ერთ-ერთი სამაგალითო მთელს შავი ზღვის აკვატორიაში.
2023 წლის თებერვალში კერძო პარტნიორის შესარჩევად კონკურსი გამოცხადდა, და უკვე ივნისში განაცხადები შეიტანა ოთხმა კომპანიამ. მომდევნო ეტაპზე გადავიდა ორი კომპანია, რომლებიც საკვალიფიკაციო მოთხოვნებს აკმაყოფილებდა - შვეიცარიულ-ლუქსენბურგული კომპანია და ჩინურ-სინგაპურული კონსორციუმი.
კანდიდატებს წინადადებების წარსადგენად ვადა 2024 წლის 19 თებერვლამდე მიეცათ. კერძო პარტნიორის შერჩევის სამთავრობო კომისიამ საჯარო და კერძო თანამშრომლობის პროექტის განსახორციელებლად შეიმუშავა მოწვევის დოკუმენტები კვალიფიციური კანდიდატებისთვის წინადადებების წარსადგენად.
როგორც ნოემბრის დასაწყისში საქართველოს პრემიერ-მინისტრმა ირაკლი ღარიბაშვილმა განაცხადა, საქართველოში პირველი ღრმაწყლოვანი პორტის მშენებლობა 2024 წლის მარტ-აპრილში დაიწყება. ამ დროისთვის აქტიურად მიმდინარეობს ინვესტორის შერჩევა, რომელიც გამოვლინდება არაუგვიანეს 2024 წლის იანვრისა, მოგვიანებით ვადა გადაიწია მომავალი წლის შუა რიცხვებამდე.
სახელმწიფო 2023 წელს სამშენებლო სამუშაოების მოსამზადებლად 20 მლნ ლარს დახარჯავს.
სულ ანაკლიის პორტის მშენებლობაზე 70 მლნ ლარი გამოიყოფა. 2024 წელს 50 მლნ ლარის ინვესტიცია განხორციელდება.
ყველაფერი ანაკლიის პორტის პროექტის შესახებ
მას შემდეგ, რაც საქართველოს ხელისუფლებამ ქვეყანაში პირველი ღრმაწყლოვანი პორტის მშენებლობის განახლების შესახებ განაცხადა, 2023 წლის მარტში შეიქმნა სახელმწიფო კომპანია შპს „ანაკლიის საზღვაო ნავსადგური".
ახალი კომპანია ანაკლიის პორტთან დაკავშირებული დოკუმენტაციის განახლებას უზრუნველყოფს და მთავრობის თავდაპირველი გათვლით, 2023 წლის შემოდგომაზე სამშენებლო სამუშაოები უნდა დაიწყოს.
„საზღვაო ნავსადგურის" კაპიტალი 3 მლნ ლარს შეადგენს. ის ეკუთვნის სახელმწიფო შპს „აქტივების მართვისა და განვითარების კომპანიას". დირექტორია ზურაბ სიჭინავა.
ანაკლიის ღრმაწყლოვანი პორტის აშენების გადაწყვეტილება საქართველოს ხელისუფლებამ ქვეყნის სატრანზიტო პოტენციალის გაზრდისა და პროექტ „ახალ აბრეშუმის გზასთან" მიერთების მიზნით ჯერ კიდევ 2016 წელს მიიღო. ამ უკანასკნელმა აღმოსავლეთი და დასავლეთი უნდა დააკავშიროს.
საქართველოში ამჟამად ორი პორტი მუშაობს – ბათუმისა და ფოთის. ძირითადი ტვირთები ფოთის გავლით მოძრაობს. ამ პორტის ნაკლია მისი არასაკმარისი სიღრმე – ამჟამად მას არ შეუძლია 1,5 ათას კონტეინერზე მეტი ტევადობის გემების მიღება.
სწორედ ამიტომ ანაკლიის ღრმაწყლოვანი პორტის მშენებლობა ქვეყნისთვის ძალიან მნიშვნელოვანია. როგორც ხელისუფლებამ ადრე განაცხადა, პირველი ფაზის განხორციელების შემდეგ პორტი წელიწადში 900 ათასი კონტეინერის მიღებას შეძლებს.
ანაკლიაში ახალი პორტის მშენებლობა 2017 წლის დეკემბერში დაიწყო, ხოლო 2018 წლის ივლისში დაიწყო ფსკერის 16 მეტრამდე დაღრმავების სამუშაოები, რაც მალევე შეჩერდა.
თავდაპირველად სახელმწიფო პორტის მშენებლობის მთლიანად კერძო სექტორის ხელში გადაცემას გეგმავდა და ამ პირობებით 2016 წელს ტენდერი გამოაცხადა.
გამარჯვებული გახდა „ანაკლიის პორტის განვითარების კონსორციუმი", რომელიც დააფუძნეს "თიბისი ჰოლდინგმა" და ამერიკულმა კომპანიამ Conti International LLC, რომლებმაც ჩამოაყალიბეს კომპანია Anaklia Holding JSC. სწორედ ამერიკული კომპანიის მონაწილეობა იყო სახელმწიფოს მთავარი პირობა.
„ანაკლიის განვითარების კონსორციუმმა" ვერ შეძლო ფინანსური გარიგების დახურვის ვალდებულების შესრულება, რომელიც ითვალისწინებდა 400 მილიონი დოლარის მოზიდვას საერთაშორისო საფინანსო ინსტიტუტებისგან – EBRD, EIB, OPIC და NDB. ამ მიზეზით მთავრობამ კონსორციუმთან კონტრაქტი გაწყვიტა.