თბილისი, 18 დეკემბერი — Sputnik. საქართველოსთვის 2023 წელი წარმატებული იყო როგორც შიდა პროცესების, ისე საგარეო პოლიტიკის თვალსაზრისით, ამიტომ პრემიერ-მინისტრის ირაკლი ღარიბაშვილის ანგარიში საკმაოდ ტევადი და საინტერესო იქნება, განაცხადა დეპუტატმა საზოგადოებრივი მოძრაობა „ხალხის ძალიდან" გურამ მაჭარაშვილმა.
პრემიერი ორშაბათს მთავრობის მუშაობის შესახებ ყოველწლიურ ანგარიშს წარადგენს. მთავრობის მეთაური მთავრობის 2023 წლის მუშაობის შედეგებს შეაჯამებს, ისაუბრებს რეალიზებულ პროექტებზე და სამომავლო გეგმებზე, ღონისძიებაზე მიწვეული არიან მასმედიის, მთავრობისა და საზოგადოების წარმომადგენლები.
„2023 წელი იყო გამოწვევებით სავსე წელი, შესაბამისად ხელისუფლებას, პირველ რიგში კი პრემიერ-მინისტრს უწევდა სწრაფი და პრაგმატული გადაწყვეტილებების მიღება. ეს წელი საქართველოსთვის როგორც საშინაო, ისე საგარეო მიმართულებით იყო წარმატებული და აქედან გამომდინარე პრემიერის ანგარიში იქნება საკმაოდ ტევადი და საინტერესო, რადგან ამ გამოწვევებით სავსე მსოფლიოში ხელისუფლებამ შეძლო ხალხთან ერთად და სამშვიდობოს გაიყვანა ქვეყანა", - განაცხადა მაჭარაშვილმა.
როგორც დეპუტატმა აღნიშნა, ამავე დროს, სწორი პოლიტიკის საფუძველზე ხელისუფლებამ ეკონომიკური ზრდა შეინარჩუნა.
საქართველოს სტატისტიკის ეროვნული სამსახურის "საქსტატის" მონაცემებით, საქართველოს ეკონომიკის რეალურმა ზრდამ 2023 წლის ოქტომბერში, 2022 წლის ანალოგიურ პერიოდთან შედარებით, 6,2% შეადგინა. 2023 წლის იანვარ–ოქტომბერში მშპ-ის რეალური ზრდის საშუალო მაჩვენებელმა 6,9% შეადგინა.
2020 წელს ეკონომიკის 6,8%-ით ვარდნის შემდეგ 2021 წლის აპრილიდან ქვეყანაში აღდგენის საკმაოდ სწრაფი პროცესი მიმდინარეობს, რაც პრაქტიკულად ყველა ეკონომიკურ პარამეტრზე აისახება. ესაა ექსპორტისა და იმპორტის, ფულადი გადმორიცხვებისა და საწარმოების ბრუნვის ზრდა.
დაზუსტებული მონაცემებით, საქართველოს ეკონომიკურმა ზრდამ 2021 წელს 10,5% შეადგინა, 2022 წლის საშუალო მაჩვენებელი 10,4% იყო.
„საქსტატის" მონაცემებით, 2023 წლის ოქტომბერში ეკონომიკის ზრდაში მნიშვნელოვანი წვლილი შეიტანა ფინანსური და სადაზღვევო საქმიანობის, ვაჭრობის, მშენებლობის, ავტომობილებისა და მოტოციკლების რემონტის, ტრანსპორტისა და დასაწყობების სფეროებმა.
კლების ტენდენცია დაფიქსირდა გადამამუშავებელი მრეწველობისა და უძრავი ქონების სფეროებში.
ექსპორტის ზრდამ 2023 წლის ათ თვეში, 2022 წლის ანალოგიურ პერიოდთან შედარებით, 12,5% შეადგინა, იმპორტის – 17,8%.
ოქტომბერში ქვეყანაში დაახლოებით 6,4 ათასი ახალი საწარმო დარეგისტრირდა – 11,8%-ით ნაკლები, ვიდრე გასული წლის ანალოგიურ პერიოდში.