თბილისი, 18 დეკემბერი — Sputnik. 2024 წლის იანვრიდან საქართველოში სამხედრო მოსამსახურეების ანაზღაურება 10%-ით გაიზრდება და 1,7 ათას ლარს შეადგენს, განაცხადა თავდაცვის მინისტრმა ჯუანშერ ბურჭულაძემ ტელეკომპანია „იმედის" ეთერში.
2023 წელს ქვეყანაში პოლიციელებისა და სამხედრო მოსამსახურეების ხელფასი 20%-ით გაიზარდა.
„თუ ანაზღაურება იყო 900 ლარი, იგი გახდა 1,5 ათასი ლარი. იანვრიდან ჩვენ ყველა სამხედრო მოსამსახურეს კიდევ 10%-ით გავუზრდით ანაზღაურებას და მინიმალური დარიცხული ხელფასი 1,7 ათასი ლარი გახდება. ამას ემატება დანამატები, რაც საშუალო რგოლის სამხედრო მოსამსახურეებზე კიდევ უფრო მეტია", - განაცხადა ბურჭულაძემ.
როგორც მინისტრმა აღნიშნა, ხელისუფლება აღნიშნული პროცესის შეჩერებას არ აპირებს და იგი ქვეყნის განვითარების პარალელურად განხორციელდება.
მისი თქმით, 2024 წელს თავდაცვის უწყების ბიუჯეტი 26%-ით გაიზრდება.
„ჩვენი ბიუჯეტი 2024 წელს, 2023 წელთან შედარებით, 26%-ით გაიზრდება. თუ ჩვენი ეკონომიკა, პირობითად, იზრდება 10%-ით, რაც ძალიან დიდი შედეგია ბოლო წლების განმავლობაში, ბოლო სამი წლის განმავლობაში, ჩვენი თავდაცვის ბიუჯეტი პროპორციულად კიდევ უფრო მეტით გაიზრდება“, - განაცხადა მინისტრმა.
გაზრდილი სახელმწიფო ბიუჯეტიდან ყველაზე მეტ ფულს მიიღებს ჯანდაცვის სამინისტრო, რომლის ბიუჯეტი 7,8 მილიარდი ლარი იქნება. გაზრდილი ბიუჯეტი გათვალისწინებულია თავდაცვის სამინისტროსთვისაც, რომლის ბიუჯეტიც 1,4 მლრდ ლარი იქნება და თანხები მოხმარდება სამხედრო პირების ხელფასების 10%-ით ზრდას, მათთვის ბინების მშენებლობას და ქვეყნის თავდაცვისუნარიანობის განვითარებას.