თბილისი, 16 დეკემბერი — Sputnik. ქუთაისსა და კოპენჰაგენს შორის დღეიდან პირდაპირი რეგულარული ავიამიმოსვლა დაიწყო, იუწყება ტელეკომპანია „რუსთავი 2“.
ამ დრომდე საქართველოსა და დანიის სამეფოს შორის პირდაპირი საჰაერო მიმოსვლა არ არსებობდა.
დღეს პირველ რეისს დანიის დედაქალაქიდან 165 მგზავრი ჩამოჰყვა.
რეისებს კვირაში ორჯერ ავიაკომპანია Wizz Air-ი შეასრულებს, რომელმაც ქუთაისის საერთაშორისო აეროპორტში მეოთხე ბაზირებული ხომალდი AIRBUS 321neo დაამატა.
ადრე მედიაში გავრცელდა ინფორმაცია, რომ ამ რეისებზე ბილეთების ფასები 109 ლარიდან დაიწყებოდა.
საქართველოდან ევროპის მიმართულებით ყველაზე მეტი პირდაპირი საჰაერო რეისი ქუთაისის საერთაშორისო აეროპორტიდან სრულდება.
საქართველოს აეროპორტების გაერთიანების ცნობით, მიმდინარე წლის 11 თვის ჭრილში დავით აღმაშენებლის სახელობის აეროპორტმა 1.514.280 მგზავრი გაატარა, რაც 2022 წლის ანალოგიურ პერიოდს 105%-ით აღემატება - 2022 წლის იანვარ-ნოემბერში ეს მონაცემი იყო 665.732 მგზავრი.
საქართველოს აეროპორტების გაერთიანების ინფორმაციით, ამ ეტაპისთვის, ქუთაისის საერთაშორისო აეროპორტიდან 5 ავიაკომპანია ოპერირებს. რეისები 18 ქვეყნის 35 მიმართულებით სრულდება.