თბილისი, 16 დეკემბერი – Sputnik. ბინათმშენებლობის პროექტის ფარგლებში, შეღავათიანი პირობებით, თანამედროვე სტანდარტების შესაბამისი ბინები ბათუმში 88 პოლიციელმა მიიღო, იუწყება შინაგან საქმეთა სამინისტრო.
ბინათმშენებლობის პროექტი თბილისში, რუსთავსა და ბათუმში განხორციელდა, რომლის ფარგლებშიც სამართალდამცველებს შესაძლებლობა მიეცათ, შეღავათიან პირობებში მიეღოთ თანამედროვე სტანდარტების შესაბამისი ბინები.
პროექტის მიხედვით, სახელმწიფო აფინანსებს მშენებლობის ღირებულების 40%-ს, ხოლო დარჩენილ 60%-ს მესაკუთრე საკუთარი სახსრებით ან იპოთეკური სესხით დაფარავს. პროექტში მონაწილე ყველა პირი 77,4 კვ მ ფართობის მქონე საცხოვრებელ ბინას ე.წ. თეთრი კარკასის მდგომარეობაში მიიღებს.
უწყების თანამშრომლებისთვის, ბინათმშენებლობის პროექტის ფარგლებში ბათუმში ორი მაღალსართულიანი საცხოვრებელი კორპუსის მშენებლობა დასრულდა. ახალაშენებულ კორპუსებს ასევე აქვთ შიდა და გარე საერთო სარგებლობის ავტოსადგომი და გამწვანებული გარე პერიმეტრი.
ბინათმშენებლობის პროექტით შეღავათიან ფასებში ბინის შეძენის მსურველები შინაგან საქმეთა მინისტრის ბრძანებით შექმნილმა კომისიამ შეარჩია, შემდეგ კი კანდიდატებს შორის გამარჯვებულები ლოტოტრონის პრინციპით შეირჩა.
პროექტში მონაწილე ყველა პირს 80 კვადრატულ მეტრამდე ფართობის საცხოვრებელი ბინა თეთრი კარკასის მდგომარეობით გადაეცათ.
დასრულებული ბინები შინაგან საქმეთა მინისტრის მოადგილემ, გიორგი ბუთხუზმა პირადად დაათვალიერა. ღონისძიებას შინაგან საქმეთა სამინისტროს სხვა ხელმძღვანელი პირებიც დაესწრნენ.
„პოლიციელებისთვის სოციალური პირობების გაუმჯობესება შინაგან საქმეთა სამინისტროს ერთ-ერთი პრიორიტეტია“, -განაცხადა გიორგი ბუთხუზმა.
ბინათმშენებლობის პროექტი თბილისში, რუსთავსა და ბათუმში განხორციელდა, ბინები ამ დრომდე საკუთრებაში შინაგან საქმეთა სამინისტროს 253 თანამშრომელს გადაეცა.