რა გამოსავალს ხედავს თბილისის მერია საცობებისგან თავის დასაღწევად

თბილისში ბოლო წლებში აქტიურად ხორციელდება სატრანსპორტო რეფორმა.
Sputnik
თბილისი, 14 დეკემბერი — Sputnik. „საცობებისგან" თავის დასაღწევად ერთადერთი გამოსავალი ჩვენ მიერ დაწყებული სატრანსპორტო რეფორმის დასრულებაა, განაცხადა დედაქალაქის მერმა კახა კალაძემ ე.წ. საცობებთან დაკავშირებით.
როგორც თბილისის მერმა განაცხადა, გუშინ ვაკე-საბურთალოს მიდამოებში 54 ავტოსაგზაო შემთხვევა მოხდა. მისი თქმით, ამ ყველაფერს აქვს გავლენა საგზაო მოძრაობის გადატვირთვაზე,
„საცობები" არის ერთ-ერთი გამოწვევა და ამის მთავარი მიზეზი არის ავტომანქანების გადაჭარბებული რაოდენობა. პიკის საათებში 650 ათასი ავტომობილი მოძრაობს ქალაქში. გუშინ ამას დაემატა ავტოსაგზაო შემთხვევები", - განაცხადა კალაძემ.
კალაძე დედაქალაქის საცობებისგან განტვირთვის გამოსავლად სატრანსპორტო რეფორმისა (საზოგადოებრივი ტრანსპორტის განვითარება, ახალი საავტობუსო ზოლები, 18-მეტრიანი ავტობუსები) და მიმდინარე ინფრასტრუქტურული სამუშაოების დასრულებას მიიჩნევს.
მისი განცხადებით, მიუხედავად საცობებისა, სახანძრო და სასწრაფო დახმარების მანქანებს გადაადგილების პრობლემა არ ექმნებათ.
ბრძოლა საცობებთან თბილისში: ტრაილერებთან დაკავშირებით ბოლო სიტყვას საკრებულო იტყვის>>
„მიუხედავად იმისა, რომ ქალაქში არის „საცობები", რთულია გადაადგილება, არც სახანძრო და არც სასწრაფო დახმარების მანქანებს გადაადგილების თვალსაზრისით პრობლემა არ აქვს. საზოგადოებას აქვს იმის კულტურა, რომ როდესაც მსგავსი ეკიპაჟი მოდის, გაატაროს", - აღნიშნა კალაძემ.
თბილისში ბოლო წლებში აქტიურად ხორციელდება სატრანსპორტო რეფორმა, რომლის მიზანია დედაქალაქის განტვირთვა „საცობებისგან", რათა საზოგადოებრივი ტრანსპორტით მგზავრობა უფრო კომფორტული, უსაფრთხო და სწრაფი გახდეს მოქალაქეებისთვის.