საქართველოს სკოლებში შეიძლება გამოცდები დაბრუნდეს - განათლების მინისტრი

მინისტრმა არ გამორიცხა, რომ ერთიანი ეროვნული გამოცდები განმსაზღვრელი შეფასების სისტემამ ჩაანაცვლოს.
Sputnik
თბილისი, 13 დეკემბერი — Sputnik. საქართველოს განათლების სამინისტრო სკოლებში ეროვნული შეფასების დაბრუნების გეგმაზე მუშაობს, განაცხადა მინისტრმა გიორგი ამილახვარმა.
გამოცდების სისტემა სკოლებში 2019 წელს გაუქმდა. ამ დროიდან სკოლის მოსწავლეები მხოლოდ უმაღლეს სასწავლებელში ჩასაბარებელ, ერთიან ეროვნულ გამოცდებს აბარებენ, სადაც სამი აუცილებელი საგანი და ერთი - უმაღლესის სასწავლებლის მიერ შერჩეული დამატებითი საგანი ბარდება.
„ჩვენ დაწყებული გვაქვს აქტიურად პროცესი, რომელიც გულისხმობს, რომ მე-6 და მე-9 კლასში, პირველ ეტაპზე შემოვიღოთ ე.წ. სადიაგნოსტიკო შეფასებები, რომლებიც სისტემას ნათელ სურათს მისცემს, როგორ ვითარდება, რა დახვეწა და რა გაუმჯობესება სჭირდება და მე-12 კლასში უკვე ეს იყოს განმსაზღვრელი შეფასება და რასაც ჩვენ ვეძახით ბავშვის ტრანზიციას - სკოლიდან უმაღლეს განათლებაში თუ პროფესიულ განათლებაში", - განაცხადა ამილახვარმა.
მინისტრის თქმით, პროექტი ორ-სამ წელზეა გათვლილი და ეტაპობრივად უკვე 2024 წლიდან დაინერგება.
ამავე დროს, მინისტრმა არ გამორიცხა, რომ განმსაზღვრელი შეფასების სისტემამ შეიძლება ეროვნული გამოცდები ჩაანაცვლოს.
„იქნება თუ არა ეს ეროვნული გამოცდების ჩამნაცვლებელი, ამაზე აქტიურად ვმუშაობთ, თუ როგორი უნდა იყოს ბავშვის ტრანზიცია უმაღლეს განათლებაში. ამიტომ ამის ასე დაანონსება, რომ ეროვნული გამოცდები ჩანაცვლდება, ამ ეტაპზე არ იქნება მართებული", - განაცხადა ამილახვარმა.
ამჟამად საქართველოში სიმწიფის ატესტატის მისაღებად მოსწავლეს ყველა საგანში უნდა ჰქონდეს დადებითი შეფასება - 10-ქულიანი სისტემიდან 5 ქულაზე მეტი. ამასთან, სასკოლო განათლების სამიდან არცერთი ეტაპის დასრულების შემდეგ გამოცდები არ ბარდება.