თბილისი, 13 დეკემბერი – Sputnik. ოპოზიციური პარტია „ერთიანი ნაციონალური მოძრაობის“ ერთ-ერთმა ლიდერმა, საქართველოს პარლამენტის ყოფილმა წევრმა ნუგზარ წიკლაურმა პარტიიდან წასვლის შესახებ განაცხადა - კლანური მმართველობის გამო, რომელიც მმართველ პარტიას „ქართული ოცნება - დემოკრატიული საქართველოს“ კონკურენციას ვერ გაუწევს.
„ნაციონალურ მოძრაობაში" კონფლიქტზე საუბარი ჯერ კიდევ 2021 წელს, ექს-პრეზიდენტ მიხეილ სააკაშვილის საქართველოში დაბრუნებისა და დაკავების შემდეგ დაიწყეს. 2023 წელს შიდაპარტიული არჩევნები ლევან ხაბეიშვილმა მოიგო, რომელმაც ნიკა მელია სააკაშვილის გათავისუფლებისთვის ბრძოლაში პასიურობაში დაადანაშაულა. მელია, თავის მხრივ, ხაბეიშვილს ყოფილი მაღალჩინოსნების ვანო მერაბიშვილისა და დავით კეზერაშვილის მარიონეტს უწოდებს.
„არსებობს კვიპროსის კლუბი თუ კლანი და იქიდან იმართება ყველაფერი. რასაც ჩაბერავენ კვიპროსში, ის საყვირები ამოიძახებენ აქ. ეს არის სრულიად მიუღებელი, ანტიდემოკრატიული ამბავი. შეუძლებელია ასეთმა პოლიტიკურმა ძალამ კონკურენცია გაუწიოს მმართველ პოლიტიკურ გუნდს. ღრმად ვარ დარწმუნებული, რომ ფულით ფული ვერ დამარცხდება“, - განაცხადა წიკლაურმა Palitra News-ის ეთერში.
პოლიტიკოსის თქმით, ყველასათვის ცნობილია, რომ „ნაცმოძრაობის“ თავმჯდომარე ლევან ხაბეიშვილი არ წარმოადგენს მის ლიდერს, და ენმ-ის ამჟამინდელმა ხელმძღვანელობამ თავისი ისტორია და ტრადიციები უარყო.
„ყველამ კარგად ვიცით საიდანაც იმართება ეს ვითარება“, - განაცხადა წიკლაურმა.
რაც შეეხება სამომავლო გეგმებს, „ნაციონალური მოძრაობის“ ყოფილი ლიდერის თქმით, ახალი პარტია, რომლის სახელწოდებაც ჯერ კიდევ განიხილება, დამფუძნებელ კრებას მომავალი წლის იანვრის ბოლოს - თებერვლის დასაწყისში ჩაატარებს. ახალი პარტიის შექმნა მანამდე ენმ-ის ყოფილმა თავმჯდომარემ ნიკა მელიამ დააანონსა.
ნუგზარ წიკლაური 2008-2012 წლებში იყო საქართველოს მე-7 მოწვევის პარლამენტის წევრი პარტიული სიით, საარჩევნო ბლოკი: „ერთიანი ნაციონალური მოძრაობა — გამარჯვებული საქართველოსთვის“. 2012-2016 წლებში — საქართველოს მე-8 მოწვევის პარლამენტის წევრი პარტიული სიით, საარჩევნო ბლოკი: „ერთიანი ნაციონალური მოძრაობა — „მეტი სარგებელი ხალხს“.
ნოემბრის ბოლოს ენმ-ის ლიდერმა ლევან ხაბეიშვილმა განაცხადა, რომ მან მელია პარტიის რიგებიდან გარიცხა, თუმცა, როგორც მოგვიანებით გაირკვა, ეს გადაწყვეტილება იურიდიულად არ იყო გაფორმებული. ხაბეიშვილმა აღნიშნული განცხადება მას შემდეგ გააკეთა, რაც მელიამ და მისმა არცთუ ცოტა მომხრეებმა პარტიაში უარი თქვეს ხელი მოეწერათ ე.წ. ერთიანობის მანიფესტზე, რომელიც მსჯავრდებული ექს-პრეზიდენტის მიხეილ სააკაშვილის ინციატივა იყო.
ხანგრძლივი კონფლიქტი
მელიას მტკიცებას, რომ ხაბეიშვილი „ნაციონალური მოძრაობის" მხოლოდ ფორმალური ლიდერია, სააკაშვილის ფაქტორიც ამყარებს, რომელმაც ციხეში ყოფნისას პოლიტიკაში დაბრუნების შესახებ განაცხადა. მეტიც, „ნაციონალური მოძრაობის" ერთ-ერთმა წევრმა სოფო ჯაფარიძემ სააკაშვილის სახელით 2024 წლის საპარლამენტო არჩევნებისთვის წინასაარჩევნო კამპანია დაიწყო. მოგვიანებით მიიღეს გადაწყვეტილება, რომ ექს-პრეზიდენტი „ნაცმოძრაობის" პოლიტსაბჭოს უხელმძღვანელებს.
უფრო მეტიც, თავად ხაბეიშვილმა განაცხადა, რომ პარტიის მთავარი ლიდერი არის სააკაშვილი. როდესაც ის თავმჯდომარის არჩევნებში მონაწილეობას იღებდა, მხოლოდ იმ პირობებით, რომ სააკაშვილი პატიმარია. თავის მხრივ, „ნაცმოძრაობის" დეპუტატმა თინა ბოკუჩავამ განაცხადა, რომ სააკაშვილი ყოველთვის იყო, არის და იქნება გამაერთიანებელი პოლიტიკური ფიგურა.
ამავე დროს, ოფიციალურად სააკაშვილი პარტიის წევრიც არ არის. მას ამის უფლება არა აქვს, რადგან საქართველოს მოქალაქე არ არის. მან საქართველოს მოქალაქეობა წლების წინ დაკარგა, როდესაც უკრაინის მოქალაქე გახდა.