თბილისი, 12 დეკემბერი – Sputnik. ადამიანის უფლებები მკაცრად და სათანადოდ უნდა იყოს დაცული, მაგრამ ლგბტ პროპაგანდა აბსოლუტურად მიუღებელია, განაცხადა მმართველი პარტია „ქართული ოცნება - დემოკრატიული საქართველოს“ თავმჯდომარე ირაკლი კობახიძემ.
საქართველოს პრემიერ-მინისტრმა ირაკლი ღარიბაშვილმა 2023 წლის 30 ივნისს პარლამენტში წლიური ანგარიშის წარდგენისას განაცხადა, რომ აუცილებელია ლგბტ საკითხზე საჯარო დისკუსიის დაწყება და გარკვევა, რა არის მისაღები და რა მიუღებელი ქვეყნისთვის. მისი თქმით, საქართველოს მოსახლეობის 90% ემხრობა ქრისტიანულ ღირებულებებს და ოჯახის ინსტიტუტს, ამიტომაც საკითხი დარეგულირებას საჭიროებს.
„ჩვენ ვამბობთ, რომ ადამიანის უფლებები აუცილებლად მკაცრად და სათანადოდ უნდა იყოს დაცული, მაგრამ პროპაგანდა მიუღებელია. პროპაგანდას უნდა დავუპირისპირდეთ არა კანონით, არამედ უნდა დავუპირისპირდეთ საზოგადოებასთან ერთად. იმ საზოგადოებასთან ერთად, რომელსაც ამ თემაზე ძალიან მკაფიო პოზიცია აქვს“, – განაცხადა კობახიძემ.
მისი თქმით, საკანონმდებლო დონეზე ლგბტ-პროპაგანდის საკითხის დარეგულირება პარლამენტის დღის წესრიგში არ დგას.
„ჩვენ ვფიქრობთ, რომ სხვა ფორმებით უნდა დავუპირისპირდეთ ლგბტ-პროპაგანდას. საზოგადოებას კონკრეტული დამოკიდებულება აქვს ამ საკითხთან მიმართებით. მოსახლეობის 90%-ზე მეტი ამ პროპაგანდის წინააღმდეგია. ჩვენთვის მთავარია, რომ, საბოლოო ჯამში, ეს სურათი იყოს შენარჩუნებული", - აღნიშნა კობახიძემ.
მისი თქმით, აშშ-სა და ევროპის ქვეყნებში ჩატარებული სოციოლოგიური კვლევები მიუთითებს იმაზე, რომ ლგბტ-თემის წარმომადგენლების რაოდენობა წლიდან წლამდე რადიკალურად იზრდება.
„შესაბამისად, ჩანს, რომ ამ პროპაგანდას აქვს თავისი შედეგები“, - აღნიშნა კობახიძემ.
პოლიტიკოსი ასევე სრულიად მიუღებლად მიიჩნევს ოპოზიციური ტელეარხების მონაწილეობას ლგბტ-პროპაგანდაში.
„ლგბტ-პროპაგანდა არის აბსოლუტურად მიუღებელი. ადამიანის უფლებები უნდა იყოს დაცული, მაგრამ რაც შეეხება ლგბტ-პროპაგანდას, ეს არის საზოგადოების წინააღმდეგ მიმართული ქმედება. როდესაც ამაში არის ჩართული სხვადასხვა „ნაცური“ ტელევიზია, ეს არის აბსოლუტურად მიუღებელი და საზოგადოებას, ბუნებრივია, აქვს ამაზე რეაქცია“, - განაცხადა კობახიძემ.
ლგბტ თემის უფლებების დამცველთა ღონისძიებას ნეგატიურად აღიქვამს საზოგადოების კონსერვატიული ნაწილი. ნებისმიერ მცდელობას, ჩატარდეს ღია ღონისძიება, კონტრაქციები და დაპირისპირებები სდევს თან.
ფესტივალის ჩატარებამდე ერთი დღით ადრე საქართველოს რელიგიური კონფესიების წარმომადგენლებმა განაცხადეს, რომ ე.წ. ლგბტ მოძრაობა ადამიანის უფლებების დაცვის, ტოლერანტობისა და მიმღებლობის ქოლგის ქვეშ ახორციელებს შორს მიმავალ გეგმებს და მისი ნამდვილი მიზანი არის არა ვინმეს უფლებების დაცვა, არამედ კულტურული კოდის შეცვლა და გაუკუღმართებული ცხოვრების წესის დანერგვა.
ფესტივალი, რომელიც 2023 წლის ივლისის დასაწყისში ლისის ტბასთან დახურულ ტერიტორიაზე უნდა გამართულიყო, ჩაიშალა იმის გამო, რომ ფესტივალის ასობით აგრესიულმა მოწინააღმდეგემ პოლიციის კორდონები გაარღვია და სამართალდამცავები, უსაფრთხოების ზომებიდან გამომდინარე, იძულებული გახდნენ მონაწილეების და ორგანიზატორების ევაკუაცია მოეხდინათ. აქციის მონაწილეთა ნაწილი იყო შეირაღებული სხვადასხვა საგნებით, მათ შორის კეტებით, ლგბტ-თემის და ჟურნალისტებს მიმართ უცენზურო გამონათქვამებს იყენებდა, უწევდა წინააღმდეგობას პოლიციას.
ადამიანის უფლებათა ევროპულმა სასამართლომ უსაფრთხოების არასაკმარისი ზომების გამო სახელმწიფოს უკვე რამდენჯერმე დაავალა კომპენსაციის გადახდა ასეთ დაპირისპირებაში დაშავებული პირებისთვის. ლგბტ-თემის წარმომადგენლების ბოლო მცდელობა, გაემართათ მსვლელობა მათი უფლებების დაცვის მოთხოვნით, მასშტაბურ ინციდენტში გადაიზარდა.
2021 წლის 5 ივლისს დაგეგმილი აქცია არ შედგა და ლგბტ-თემის ოპონენტებმა თავიანთი ბრაზი მედიის წარმომადგენლების მიმართ გამოხატეს, ისინი კონსერვატიულად განწყობილი მოსახლეობის შეურაცხყოფასა და პროვოკაციებში დაადანაშაულეს.
ჟურნალისტებზე ფიზიკური ანგარიშსწორება მოხდა 6 ივლისსაც - სულ რაღაც ორ დღეში მედიის 53 წარმომადგენელი დაშავდა.