თბილისი, 10 დეკემბერი – Sputnik. 2023 წლის 1 იანვრიდან 18 ოქტომბრის ჩათვლით პოლიციამ საქართველოში ცივი იარაღის ტარებისთვის 2,5 ათასამდე პირი დააჯარიმა, ნათქვამია საქართველოს შინაგან საქმეთა სამინისტროს ვებგვერდზე გამოქვეყნებულ მასალებში.
საუბარია ცივი იარაღის ტარებაზე სხეულზე ან ხელში. ჯარიმა მოქმედებს ასევე დანის ტარებისთვის, რომელიც აუცილებელია პირადი ჰიგიენის, საჭმლის მომზადების, ნადირობის, სასოფლო-სამეურნეო საქმიანობისთვის, ან როგორც ეროვნული კოსტიუმის ნაწილი, თუ ეს არღვევს საზოგადოებრივ წესრიგს ან დარღვევის საფრთხეს ქმნის.
ცივი იარაღის ტარება იწვევს პირის დაჯარიმებას 500 ლარის ოდენობით, განმეორებითი დარღვევის დროს ფაქტი უკვე სისხლის სამართლის დანაშაულს წარმოადგენს.
შსს-ს ინფორმაციით, აღნიშნულ პერიოდში ცივი იარაღი რვა ქალსა და 2487 მამაკაცს აღმოაჩნდა.
მამაკაცს ზურგს უკან მაჩეტე უჭირავს
© Depositphotos.com / Konstantin1985
1 იანვრიდან 18 ოქტომბრის ჩათვლით დანის ტარებისთვის ყველაზე მეტი ჯარიმა თბილისში (1633) დაფიქსირდა. შემდეგ მოდის აჭარის (178) და იმერეთის (156) რეგიონები.
დაჯარიმებულთა ძირითადი ასაკი 18-დან 40 წლამდეა. ამასთან, ამ პერიოდში დანის ტარებისთვის 65 არასრულწლოვანი დაჯარიმდა.
ცივი იარაღის ყიდვა შეუძლია სრულწლოვან პირს, რომელიც ყიდვის დროს წარადგენს პასპორტს და ცნობას, რომ არ არის ნასამართლევი. იარაღის ყიდვის შემდეგ ადამიანი ავტომატურად ხვდება საქართველოს შსს-ს ბაზაში.
ამასთან, შესაძლებელია მხოლოდ იმ ცივი იარაღის ყიდვა, რომელიც ქართული კანონმდებლობის ნორმებს შეესაბამება.