პრემიერი: საქართველოს ხელისუფლების მიზანია - ადამიანის უფლებების ეფექტური დაცვა

დღეს ადამიანის უფლებათა დაცვის საყოველთაო დეკლარაციის მიღებიდან 75 წლისთავი აღინიშნება.
Sputnik
თბილისი, 10 დეკემბერი – Sputnik. საქართველოს ხელისუფლების მიზანია მუდმივად განავითაროს მექანიზმები, რომლებიც უზრუნველყოფენ ადამიანის უფლებებისა და თავისუფლებების ეფექტურ დაცვას, ნათქვამია პრემიერ-მინისტრის ირაკლი ღარიბაშვილის განცხადებაში.
ადამიანის უფლებათა დღე პირველად 1950 წელს აღინიშნა მას შემდეგ, რაც გაეროს გენერალურმა ასამბლეამ მიიღო რეზოლუცია 423 (V), რომელიც მოუწოდებდა ყველა სახელმწიფოს და დაინტერესებულ ორგანიზაციას დაეწესებინათ ყოველი წლის 10 დეკემბერი, როგორც ადამიანის უფლებათა დღე. გენერალური ასამბლეის მიერ დეკლარაციის მიღების შემდეგ, იგი გამოცხადდა „ამოცანად, რომლისკენაც ყველა ხალხი და სახელმწიფო უნდა მიისწრაფოდეს“.
„დღეს ადამიანის უფლებათა დაცვის საყოველთაო დეკლარაციის მიღებიდან 75 წლისთავი აღინიშნება. ჩვენი ხელისუფლების მიზანია, შექმნას და, ხელისუფლების თითოეული შტოს, საჯარო უწყებათა და დაინტერესებულ მხარეთა ჩართულობით, მუდმივად განავითაროს მექანიზმები, რომლებიც უზრუნველყოფს ადამიანის უფლებათა და თავისუფლებათა ეფექტიან დაცვას“, - განაცხადა ღარიბაშვილმა.
პრემიერის თქმით, ადამიანის საყოველთაოდ აღიარებული უფლებებისა და თავისუფლების დაცვით სახელმწიფო აძლიერებს ინსტიტუციურ დემოკრატიას, უზრუნველყოფს სამოქალაქო, პოლიტიკური, სოციალური, კულტურული და ეკონომიკური უფლებებით თანაბარ სარგებლობას, განამტკიცებს თანასწორობის პოლიტიკას.
„ადამიანის უფლებების მდგომარეობის გასაუმჯობესებლად გასული წლის 5 სექტემბერს მთავრობამ მოიწონა, ხოლო 2023 წლის 23 მარტს პარლამენტმა დაამტკიცა ადამიანის უფლებათა დაცვის ეროვნული სტრატეგია. იგი ქმნის ერთიან ჩარჩოს ქვეყანაში ადამიანის ძირითად უფლებათა და თავისუფლებათა ეროვნული სისტემისა და ინსტიტუციური დემოკრატიის გასაძლიერებლად“, - განაცხადა ღარიბაშვილმა.
მისი თქმით, სტრატეგიით გათვალისწინებული მიზნების აღსრულებისათვის ამჟამად აქტიური მუშაობა მიმდინარეობს 2024-2026 წლების ადამიანის უფლებათა დაცვის ეროვნულ სამოქმედო გეგმაზე.
„ამ მიზნით აქტიურად იმართება შეხვედრები სახელმწიფო უწყებებისა და სამოქალაქო სექტორის ჩართულობით“, - აღნიშნა პრემიერმა.
ადამიანის უფლებების დაცვისა და დემოკრატიის განმტკიცებისთვის ძალისხმევა კიდევ უფრო გვაახლოებს ევროპულ ოჯახს, აღნიშნა პრემიერ-მინისტრმა.
„ხალხისა და ხელისუფლების საერთო ძალისხმევით, ევროკავშირსა და საქართველოს შორის პარტნიორობა განუხრელად ძლიერდება. დღეს უკვე სახეზე გვაქვს კონკრეტული ხელშესახები შედეგები, როგორებიცაა ასოცირების შეთანხმება, უვიზო მიმოსვლის რეჟიმი, გასულ წელს მიღებული ევროპული პერსპექტივა, და სულ ახლახან – ევროკომისიის ღირსეული, გონივრული და ბრძნული გადაწყვეტილება კანდიდატის სტატუსთან დაკავშირებით“, - განაცხად ღარიბაშვილმა.
მთავრობის მეთაურის თქმით, ეს გზა აახლოებს საქართველოს საბოლოო მიზანთან - საქართველოს ევროკავშირში სრულ ინტეგრაციასთან.